შვეიცარიაში, საბერძნეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
შვეიცარიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა დაავადებული იზოლირებულია, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება ასევე ადგენს იმ პირთა ვინაობას, ვინც აღნიშნულ ადამიანებთან იმყოფებოდა კონტაქტში.
საბერძნეთში მეოთხე შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში პირველი ინფიცირებული 26 თებერვალს დადასტურდა.
გერმანიაში COVID -19-ის 53 შემთხვევაა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სიუზანე ვაკერსმა განაცხადა, ვითარება დინამიურია და ზუსტი მონაცემის მოყვანა რთულია. მისი თქმით, დასახელებული რიცხვი გულისხმობს ასევე გამოჯანმრთელებულებსაც. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ბოლო ორი დღის განმავლობაში გაუარესდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ “ეპიდემიის დასაწყისში” იმყოფება.
რაც შეეხება ბრიტანეთს, აქ 9 ინფიცირებულია, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, დაინფიცირებულთაგან ორს. ვირუსი ირანში გადაედო.