სტუ-ის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან. კონსორციუმში, სადაც რვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი შედის, საქართველოდან ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც ამ დიდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი წყლის კიბერუსაფრთხოებას ეხება და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ჩართულები არიან ნორვეგიის, იტალიის, ესპანეთის, გერმნანიის, აშშ-ს და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტები.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ნატოს“ წარმომადგენლობამ მოითხოვა პროექტში საქართველოს და კონკრეტულად ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. ინიციატივა ჩვენი უნივერსიტეტის კონსორციუმში ჩართვას გულისხმობს. კონსორციუმის სათაო ოფისი ნორვეგიაშია, ეს არის მსოფლიოში გარემოს დაცვის ცნობილი ცენტრი, რომელიც მშენებლობისა და წყლის პრობლემებზე მუშაობს. პროექტში ქართული მხარის ჩართვა ჰიდროინჟინერიის და წყალმომარაგების თვალსაზრისით მოხდა, ვინაიდან ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს. მათ სურთ ჩვენი გამოცდილება გამოიყენონ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხის გადასაწყვეტად” – აცხადებს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებული, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.
პროფესორი ზურაბ გვიშიანი განმარტავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, სადაც გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის გამოყენება დაიწყეს.
“საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ჩამდინარი წყლის გამწმენდი 6 ნაგებობა ექსპუატაციაში შევიდა და აღჭურვილია თანამედროვე მართვის ელოქტრონული სისტემით. მანამდე ეს ნარჩენები გარემოში იღვრებოდა. ჩვენს მიერ მოხდება ამ სისტემებზე აპრობაცია, ეს არის უხვი ინფორმაციის გადამწოდების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოთხოვნისამებრ დისტანციურად მივიღოთ მონაცემები. ეს საშუალებას იძლევა წყლისა და გამოთვლითი ტექნიკის და ტელემეტრიის მიმართულებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებისა” – აღნიშნავს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ გვიშიანი.