კონკურსის “საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი” გამარჯვებული სტუ-ის სტუდენტები სასწავლებლად ფინეთში გაემგზავრებიან
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარებულ კონკურსში “საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი” მარიამ ფარულავამ და ფრანჩესკო ილვენტომ გაიმარჯვა. გამარჯვებულები 2020 წლის სექტემბერში, ათი დღის განმავლობაში ფინეთში, ჰელსინკის აალტოს უნივერსიტეტის დიზაინის და არქიტექტურის სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრებიან – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მარიამ ფარულავა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მეორე კურსის სტუდენტია, ფრანჩესკო ილვენტო კი, “ერაზსმუსის” გაცვლითი პროგრამით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა.
ფრანჩესკო ილვენტომ და მარიამ ფარულავამ კონკურის ფარგლებში ერთობლივად იმუშავეს და მობილური ტელეფონით გადაღებული სიუჟეტით ჯიურის წევრების მოწონება დაიმსახურეს. ფილმის სცენარი მარიამ ფარულავას ეკუთვნის და მთავარი როლიც თავად შეასრულა. ფრანჩესკო ილვენტომ კი, ფილმი მხატვრულად გააფორმა და მუსიკაც თავადვე შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ 17-18 იანვარს, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებისთვის ვიზუალური ამბის გადმოცემის ტექნიკის დასახვეწად ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსს, DW Akademie-ს ტრენერი, თინათინ ცისკარაძე წარუძღვა. 2 დღიანი ტრენინგის განმავლობაში სტუდენტებმა ვიდეოს წარმოებისთვის საჭირო ბაზისური ცოდნა და ამბის თხრობასა და მონტაჟში გამოცდილება მიიღეს.
ვორქშოპი სამი მოდულისგან შედგება, რომელიც თანმიმდევრულად იყო განაწილებული ორი დღის მანძილზე. ვორქშოპი ემსახურებოდა სოციალური მედიისთვის და არა მხოლოდ ერთწუთიანი ვიდეოს მომზადებას ბაზისური ცოდნის და უნარების გამომუშავებას.
წელს, კონკურსში ფაკულტეტის 8 სტუდენტი მონაწილეობდა. კურსის შედეგად, სტუდენტებმა მობილური ტელეფონით ერთწუთიანი ვიდეო გადაიღეს და დაამონტაჟეს. კონკურსში მონაწილე 8 სტუდენტი წყვილებში მუშაობდნენ და მათ ჟიურის წევრებს 4 ნამუშევარი წარუდგინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მხოლოდ ერთი ვიდეო აირჩია, რომლის ავტორები მარიამ ფარულავა და ფრანჩესკო ილვენტო აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება კონკურსში მონაწილე სხვა სტუდენტებს, მათ ვორკშოფის პერიოდში ტრენერის თითქმის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს. ყველა ნამუშევარი თავისთავად საინტერესო იყო, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ნინო ხითალიშვილის და ნინო გულბანის ფილმი, რომლებმაც ჟიურის წევრებს საინტერესო სცენარი და გადაღების საინტერესო ვარიანტი შესთავაზეს.
კონკურსის “საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი” ჟურის თავმჯდომარე სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი ნიკოლოზ შავიშვილი იყო. ვორკშოფის ტრენერს თინათინ ცისკარაძეს გადამწყვეტი ხმის უფლება ჰქონდა, ხოლო ძირითადი შემფასებლები თავად კონკურსის მომაწილეები იყვნენ, რომლებმაც ფარული კუნჭისყრით საუკეთესო ფილმი გამოავლინეს. ამ შემთხვევაში მონაწილეებისა და ჟიურის აზრი ერთმანეთს დაემთხვა.
ცნობისათვის, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სტუდენტებისთვის კონკურსი უკვე სამჯერ ჩატარდა. კონკურსის მიზანია გამოავლინოს 10 სტუდენტი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში, ჰელსინკში, ფინეთის აალტოს უნივერსიტეტში, დიზაინის და არქიტექტურის სკოლაში, დ.ს.ს.-ის სხვა სტუდენტებთან ერთად სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლა ხშირად აცხადებს შიდა საფაკულტეტო კონკურსებს და გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნის დიზაინის სკოლები და მუზეუმები მოინახულონ.
აღსანიშნავია, რომ შარშან ჩატრებული ათი კონკურსიდან ათივე გამარჯვებული სტუდენტი გერმანიაში ბაუჰაუსისი ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.