ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობენ, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პირველკურსელი მაგისტრანტის, გიორგი მამულაშვილის პროექტი გერმანიაში სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, წელს, საზაფხულო არდადაგებზე, გერმანიის რამდენიმე ქალაქში – ჰამბურგში, ბერლინსა და ლიუბეკში 50-მდე სტუდენტი გაემგზავრება.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ჩამოაყალიბა. ეს არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს და როგორც პროფესიული, ისე საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს დასაქმებაში ეხმარება.

ორგანიზაციის წევრებმა გერმანიაში მოქმედ ხუთ კომპანიასთან კონტაქტი დაამყარეს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკული კომპანიაა.

„სამაგისტრო ნაშრომში ყურადღება გავამახვილე პროფესიულ სწავლებასა და დასაქმებაზე. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებისთანავე, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, დავაფუძნე ორგანიზაცია „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. ამჟამად, გერმანიაში ხუთი პარტნიორი კომპანია გვყავს, სადაც სტუდენტები მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდებიან. ეს სტანდარტულ სამუშაოს გულისხმობს და ეს არ არის თეორიული სწავლების პრაქტიკული გაგრძელება. სტუდენტების ანაზღაურება 2000-დან 2500 ევრომდეა, რაც ჩვენს რეალობაში კარგი შემოსავალია. ეს ნიშნავს იმას, რომ საზაფხულო დასაქმებით მიღებული შემოსავალი სტუდენტებისთვის მთელი აკადემიური წლისთვის საკმარისია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტუდენტი ქირით ცხოვრობს. რეალურად, ის, რასაც ჩვენ ახლა სტუდენტებს ვთავაზობთ, არის დიდი მუხტი და მოტივაცია იმისათვის, რომ აკადემიური წელი მშვიდი და ორგანიზებული ჰქონდეთ“, – აცხადებს გიორგი მამულაშვილი.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, დღემდე, საზღვარგარეთ სტუდენტების დასაქმების მსგავსი ცენტრი არ არსებობდა და სტუდენტები, ძირითადად, ამა თუ იმ კომპანიასთან ინდივიდუალურად ახერხებდნენ კონტაქტების დამყარებას. ამჟამად, დასაქმების მსურველ სტუდენტებს სამუშაოს მოძიებისთვის დროის დაკარგვა აღარ მოუწევთ. ისინი „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში“ აპლიკაციას შეავსებენ.
„უცხოეთში სტუდენტური დასაქმების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ისეთი ორგანიზებული ცენტრი, როგორც ჩვენია და რომელიც კანონთან სრულ შესაბამისობაში მუშაობს – ამ დრომდე არ არსებობდა. აქამდე სტუდენტები დამსაქმებლების მოძიებასა და მათთან დაკავშირებას თავად ცდილობდნენ, რაშიც დიდი დრო ეკარგებოდათ. ახლა კი სტუდენტებს მხოლოდ განაცხადის შევსება უწევთ. განაცხადის ფორმა კომბინირებულია, რამდენიმე ეტაპს მოიცავს და სტუდენტს შეუძლია მონიშნოს მისთვის სასურველი სფერო. რეგისტრაციის ფორმა გვაძლევს საშუალებას, სტუდენტების სურვილიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილები მოვიძიოთ. ამ ეტაპზე გვყავს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია გერმანიაში. სტუდენტების რაოდენობა დამოკიდებულია გერმანული ენის ცოდნაზე. აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა სასაუბრო კომუნიკაციის დონეზე და ასევე ინგლისურის ცოდნაც. ჩვენი პარტნიორი კომპანიიდან ერთ-ერთი მუშაობს ავიაციისა და ბიზნესის მიმართულებით, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის ზედგამოჭრილი პრაქტიკული ნაწილია. სამი კომპანია ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს, ერთი კი, მოხუცების მოვლის ცენტრია. გერმანული დამსაქმებელი კომპანიები, აპლიკაციების გადარჩევის და სტუდენტთან გასაუბრებას შემდეგ, მოთხოვნებს ათანხმებს, რის შემდეგაც კონტრაქტი ფორმდება. მგზავრობის და საცხოვრებელ თანხას სტუდენტი ფარავს, დასაქმების შედეგად ანაზღაურებას მიიღებს 2500 ევროს ოდენობით მიიღებს. დამსაქმებელი უზრუნველყოფს კონტრაქტის შესაბამის სამუშაოს და ყველა პირობებს ისევე ასრულებს, როგორც ამას კომპანიის ნებისმიერი სხვა თანამშრომლის შემთხვევაში აკეთებს“, – აღნიშნავს გიორგი მამულაშვილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტის განმარტებით, ვინაიდან დამსაქმებელი ქვეყანა გერმანიაა, დამსაქმებლის აუცილებელი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნაა.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საზაფხულო დასაქმების შესახებ, ბევრი სტუდენტი ცდილობს გერმანული ენის ცოდნის იმ საკმარის დონეს მიაღწიოს, რაც მოთხოვნაშია. ისეთი სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც გერმანულის სწავლა დაიწყეს, საკმაოდ ბევრია. მათი უმრავლესობა მოკლევადიან კურსებს გოეთეს უნივერსიტეტში გადიან“, – ამბობს გიორგი მამულაშვილი.
მისივე თქმით, სამომავლოდ, „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ კონტაქტების დამყარებას პოლონეთში მოქმედ კომპანიებთან გეგმავს.
„პოლონეთის მთავრობამ მიიღო კანონი, სადაც ჩანაწერი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეხება. ასეთ ქვეყნებს აქვს გარკვეული ტიპის სავიზო შეღავათები და ჩვენც ვცდილობთ სანდო კონტაქტები დავამყაროთ. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ პირველ მარტს გერმანიაში ამოქმედდება კანონი, რომელიც გერმანიაში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ პირველი მარტიდან, როგორც კი ეს კანონი ამოქმედდება, ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულს, თუ როგორ შეუძლიათ ამ კანონმდებლობით ისარგებლონ, პროფესიული პროგრამების სტუდენტებს კი საშუალება ექნებათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ“, – აცხადებს გიორგი მამულაშვილი.
დაბოლოს, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს არ ეხება, ის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები