რას ყვებიან სასამართლო პროცესზე 26 მაისს დაზარალებულები?

საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პროცესს თავად ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. მან საბრალდებო სკამი, მოწმე შალვა ობგაიძის დაკითხვის დროს, პროტესტის ნიშნად დატოვა – ამის შესახებ „კვირის“ კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან იტყობინება. დღევანდელ პროცესზე ამ დროისთვის, ბრალდების მხარის მოთხოვნით, 6 მოწმე უკვე დაიკითხა. თითოეული მათგანი 26 მაისის აქციის დარბევის დღეს დეტალურად იხსენებს და დარბაზში დასმულ კითხვებს პასუხობს.
„26 მაისს პარლამენტის შენობასთან ვიდექი, მშვიდობიან აქციაზე ვიყავი. მოთხოვნა იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და არჩევნების სამართლიანად ჩატარება. დაახლოებით 12 საათისთვის სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყეს. რუსთაველიდან ქვევით და ზევით ყველა ქუჩა გადაკეტილიყო. აქციის მონაწილეები გაქცევას ვერსაიდან ვერ ვახერხებდით. სპეცრაზმი ხალხს ხელკეტებით გამეტებით სცემდა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ხელჯოხი მირტყა, თან მაგინებდა. აგრესიული იყო, გამეტებით მირტყამდა და თან მაგინებდა“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში მოწმე ლერი გელენავამ.
მოწმე გელენავას შემდეგ სასამართლოს დარბაზში გაზეთ „რეზონანსის“ კორესპონდენტი ზაიარა მიქატაძე გამოჩნდა. ის 26 მაისის დაზარალებულია და პროცესზე პროკურატურის მოთხოვნით გამოცხადდა.
„26 მაისს აქციაზე 11 საათზე მივედი, აქცია ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, მერიის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდა და ხალხს მოუწოდა, დაშლილიყვნენ. აქციის მონაწილეები რომ არ დაიშალნენ, სპეცრაზმი ყველა მხრიდან გამოჩნდა, ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. მათ უკან პოლიციის მანქანები მოჰყვებოდათ. ამ დროს დაიწყო ხალხის დარბევა და გაზიც გაუშვეს. გაზისგან ცუდად გავხდი და სკამზე ჩამოვჯექი. კაცი მომიახლოვდა, ჯავშანჯილეტი ეცვა. „ცუდად ვარ – მეთქი“, დახმარება ვთხოვე, იმან კი მუხლი მთხლიშა და, სადაც ხალხი ასფალტზე ეგდო, იქ გადამისროლა. მოწამლული ვიყავი, გვერდები დაბეჟილი მქონდა, იმდენი სპეცრაზმელისგან თავს ვერანაირად დავიცავდი. აჟიოტაჟი იყო, ხალხის კივილი მესმოდა. ბუნდოვნად ვხედავდი, ხალხი აქეთ-იქით გარბოდა. მათ სპეცრაზმელები მისდევდნენ“, – განაცხადა ზაირა მიქატაძემ დღევანდელ პროცესზე.
სასამართლო დარბაზში კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

მარიამ ლომინაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები