“ამერიკელი მეცნიერის თეორიით წითურას ვაქცინას შეუძლია კორონავირუსისგან არასპეციფიკურად დაგვიცვას, მაგრამ ეს მოსაზრება მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის”

ამერიკელი მეცნიერის ერთ-ერთი თეორიით წითურას ვაქცინას შეუძლია კორონავირუსისგან არასპეციფიკურად დაგვიცვას, მაგრამ ეს მოსაზრება მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ადამიანის გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

“ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ყველა ჯგუფი იზოლირებულ ბანაკში ორ კვირას ატარებს. მათ ექიმები ჰყავთ მიჩენილი. კარგია ვირუსისგან დასაცავად თუ ყველას პირბადე ექნება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ პირბადის გამოყენების წესები. რამდენჯერ მინახავს საკვების ან წყლის მიღებისას პირბადეს მოიხსნიან, ხან სად დადებენ ხან სად და მერე იკეთებენ. პირბადის ასეთი გამოყენებით თავს კი არ იცავთ, პირიქით, დაინფიცირების რისკს ზრდით. კორონავირუსის გამო ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათის აღებისგან ბევრი ადამიანი თავს იკავებს, ეს ფანტასტიკის სფეროა, რადგან ვირუსისგან მაქსიმალური სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე საათია, ამანათი კი ერთ დღეში არ ჩამოდის. “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია” ჩინეთთან მიმოსვლას და ვაჭრობას არ კრძალავს. სეზონური ვირუსული დაავადებები კორონავირუსისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. კორონავირუსს კი განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება აქვს, დაავადებულთა 20-30%-ში და მწვავე პნევმონიაში გადადის. ძირითადი სიმპტომებია ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელება, მაგრამ რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, მხოლოდ მდგომარეობას აუმჯობესებს და გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი იმ შემთხვევებში დგება, როცა პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია. რისკ-ჯგუფში ხანში შესული და ქრონიკულად დაავადებულები არიან, ისევე, როგორც ნებისმიერი გრიპის დროს.

ვირუსი მხოლოდ ერთი თვის არის. ჯერ ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მოსაზრება და თეორია გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერის, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ამ მოსაზრების საფუძველია, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ნაკლებად ავადდებიან და მძიმე შემთხვევებიც არ არის. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გაცილებული ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, ამიტომ ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები