სოფო კილაძე: ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ებრძვის სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა
ჩვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ებრძვის, ვფიქრობ, მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს ის მოპყრობა, რომელსაც სახელმწიფო მედიასაშუალებების მიმართ ახორციელებს.
“ჩვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას, ვფიქრობ, არის მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიას. ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს ის მოპყრობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს მედიასაშუალებების მიმართ. თუ რამე არის შესაძლებელი კანონის ფარგლებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ გარკვეული მოლაპარაკებების თუ რაღაც მცდელობა, რომ ეს ინკასო მოეხსნათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ჩემი სფერო არ არის ფინანსური, ამიტომ ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ, როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ თუ რამე საშუალება არის კანონის ფარგლებში, მედიასაშუალებების მიმართ იყოს ეს ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, “რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.