„დიდზე დიდი ნაკლი მაქვს – ნახატების გაჩუქება არ მიყვარს, გაყიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია“…

მწერლების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ახსოვს.
დაათავრ გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. პარალელურად ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში და მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, ასევე ხატვაზე დადიოდ ქეთი მატაბელთან... ამბობს, რომ რველი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი ყო 9 აპრილი“, რომელმაც დიდი გამარჯვება მოუტანა…
თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური მოხატვის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ  ჟურნალ ომეგასა“ და გაზეთ ჩვენ მწერლობაში“, შემდეგ ტელევიზია იბერიაშიმხატვრად მუშაობდა.
მონაწილეობდა ფესტივალში ხატე საქართველოსთვის“, ასევე იყო აფრიკაში, ტუნისის საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც  დაუვიწყარი შეგრძნებით დაბრუნდ.
ახლა პერსონალური გამოფენისთვის ემზადება; მოთხრობებისა და ნოველების გამოცემასაც აპირებს.
ამბობს, რომ ევროპულ სკოლაში ხელმძღვანელობ ხატვის წრეს და ყველაზე ბედნიერია. – მხატვრისა და პედაგოგის, ანუკი მინდიაშვილის პერსონა.

– ცნობილი მწერლების გარემოცვაში იზრდებოდი, მაკა ჯოხაძისა და აკაკი მინდიაშვილის ოჯახში დაიბადე … რას გაიხსენებ ბავშვობიდან?
– ჩემი ბავშვობა იყო, ალბათ, ყველაზე ნათელი, თბილი, ტკბილი და საინტერესო საინტერესოთა შორის. რაღაცით ჰგავდა დავით კლდიაშვილის მზეში და სიყვარულში „ამოგანგლულ“ ბავშვობას. მწერლების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენთან მუდმივად თავს იყრიდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები – მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, სხვადასხვა პროფესიის პიროვნებები. დედ- მამას (მაკას და კაკუჩას) რაც თავი მახსოვს, განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდათ როგორც ერთმანეთის მიმართ, ისე ერთმანეთის შემოქმედებისადმი.
ერთი სიტყვით, ვიზრდებოდი იქ, სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ბატონობდა.
ვმოგზაურობდი მათთან ერთად, ფილმებსაც ერთად ვუყურებდით, განვიხილავდით, მუდმივად დავდიოდით თეატრებში, გამოფენებზე. მუდმივად ვათვალიერებდით დიდი მხატვრების ალბომებს,ზოგჯერ ერთი და იმავეს – სამჯერ, ოთხჯერაც (ჩვენებს კარგი კოლექცია აქვთ). მამა ხშირად მიკითხავდა ლექსებს. თითქმის ვაჟა-ფშაველა აქვს ბავშვობაში წაკითხული.დედა უფრო. მოთხრობებს მიკითხავდა… მოკლედ, ჩემი მშობლები მაძლევდნენ იმაზე მეტსაც, რისი მოცემაც შეუძლია მშობელს.
მყავდა დედ-მამასავით საყვარელი ბებია და ბაბუა. მათთან ყოფნა დღესასწაული იყო. რაღაც-რაღაცებს, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვაშავებდი. ჩემი დასჯა თუკი რამით შეიძლებოდა, ეს იყო სასჯელის სასტიკი, უმაღლესი ფორმა – გამომიცხადებდნენ: ბებია-ბაბუასთან შაბათ-კვირას აღარ გახვალო.
არდადეგები ორ ნაწილად იყოფოდა, ბებია-ბაბუასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასვენება, – განსაკუთრებული სიმძაფრით სვანეთში გატარებული თვეები მახსოვს.
შემდეგ – მშობლებთან ერთად სად არ ვმოგზაურობდით – ჩვენი ზღვისპირეთი იქნებოდა ეს თუ ბალტიისპირეთი…
და მაინც, დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მეტად რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და რისი აღნიშვნაც მინდა, ისაა, რომ არ მახსოვს, როგორი განაწყენებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენები, ვინმეზე ან ცუდი ეთქვათ ან განეკითხათ.
ჩემი ბები ბოლო წლებში ეკლესიური გახდა, თუმცა მე მანამდეც ასე მივიჩნევდი, რომ ის ყველაზე დიდი  მოყვარული იყო ღმერთისა და ადამიანებისა და, საერთოდ, მათ თაობაში ბევრი, როგორც იტყვიან, „ანონიმი“ ქრისტიანი ცხოვრობდა.
დაამთავრე №1 ექსპერიმენტული სკოლა. პარალელურად სწავლობდი ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში… ანუ ბავშვობიდან გივარდა ხატვა… პირველი ნახატები… მაშინ კონკურსშიც მონაწილეობდი…
– დავამთავრე გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. ალბათ, ექსპერიმენტული იმიტომაც ერქვა, რომ მთელ სკოლაში შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა. პარალელურად ვსწავლობდი ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში და მუსიკალურ სკოლაში, ასევე ხატვაზე დავდიოდი ქეთი მატაბელთან სახლში…
ბავშვობაში მიღებული მაქვს სიგელები, დიპლომები, მედლები…
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, ნორჩი მხატვარი, ანუკი მინდიაშვილი, როგორც გამარჯვებული, დააჯილდოვა გამოფენაში „ძირითადი ფონდებიდან“ მონაწილეობისათვის. ხოლო 10 წლის ანუკი დააჯილდოვა დიპლომითა და მედლით ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილ გამოფენა- კონკურსში გამარჯვებისათვის.
ჩემი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსი იყო „9 აპრილი“…
კარგად მახსოვს ის ნახატი, მაშინდელი საქართველოს დროშა დავხატე, ოდნავ მოკეცილი და სისხლიანი, დროშის ზემოთ კი, მარჯვენა კუთხეში – ორ ფერში ანთებული მზე. ქვემოთ მდგომი ხალხი კი იმ მზეს მისჩერებოდა… მაშინ პატარა ვიყავი და ის ემოცია, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ნახატი გამარჯვებული აღმოჩნდა, ახლაც ენით უთქმელია. თან ამას ისიც დაემატა, რომ „დიდი რუსეთის“ პროგრამა „ვრემიაში“ ჩემი ნახატი ეკრანზე ჩანდა. ეს ნახატი საგანგებიდ გამოყვეს და ისაუბრეს მასზე. ის პოზაც კი მახსოვს, სავარძელში რომ იჯდა სიხარულით აღელვებული და მუშტებშეკრული პატარა გოგო.
ჯიბსონ ხუნდაძესთან მომზადების მერე ჩააბარე თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური მოხატვის ფაკულტეტზე.
–  წილად მხვდა ბედნიერება და აბიტურიენტობის დროს, იმის შემდეგ, რაც ჩემი ნამუშევრები დიდ მხატვარს, ჯიბსონ ხუნდაძეს აჩვენეს (მე ისე ვღელავდი, ძალიან მაღალი სიცხე მომცა და შეხვედრას ვერ დავესწარი), მაესტრომ მოსამზადებლად ამიყვანა. ეს კი, როგორც მითხრეს, იშვიათად ხდებოდა. ბატონი ჯიბსონი მხოლოდ მასწავლებელი არ იყო ჩემთვის. ჩვენ ვმეგობრობდით, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმანეთს დღიურებსაც კი ვუკითხავდით. დედას ეუბნებოდა, ანუკი ჩემი დონორიაო…
პირველივე წელს მოვეწყვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში- მონუმენტურ – დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტზე. საერთოდ, ძალიან გამიმართლა, ჩვენი კათედრა ნამდვილ ერთ ოჯახს წარმოადგენდა. მიხაროდა ყოველი დღის გათენება და ჩემს საყვარელ ჯგუფელებთან მისვლა. ყველა იქ მყოფი პედაგოგი, ლექტორი დღემდე ძვირფასია ჩემთვის. გამიმართლა, ყოველმხრივ გამიმართლა. კლასელებშიც, ჯგუფელებშიც, ბავშვობისა და შემდეგ შეძენილ მეგობრებშიც.
ტელეკომპანია იბერიის მხატვი იყავი, პარალელურად კერძო შეკვეთებზე მუშაობდი, თუმცა ნახატების გაჩუქება არ მოგწონს…
– აკადემიის დასრულებისთანავე ვთანამშრომლობდი ჟურნალ „ომეგასთან“. გაზეთში „ჩვენი მწერლობა“ ვბეჭდავდი მოთხრობებს. ვაფორმებდი როგორც ჩემს, ისე სხვების ლიტერატურულ ნაწარმოებებს. შემდეგ იყო ტელევიზია „იბერია” , მუშაობა დავიწყე მხატვრად და ვმუშაობდი მანამ, სანამ არ დაარბიეს.
მონაწილეობდი ფესტივალში „ხატე საქართველოსთვის“…
– ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ძალიან კარგმა მხატვარმა, გიორგი ტაბლიაშვილმა, აგერ უკვე 7 წელია, რაც დააფუძნა შესანიშნავი საერთაშორისო ფესტივალი „ხატე საქართველოსთვის“, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა… სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები, მცხეთაში, ღია ცის ქვეშ, სვეტიცხოვლის წინ ვქმნიდით ნამუშევრებს და ეს იყო საოცარი განცდა… დგახარ საუკუნეების წინათ აგებულ ამ დიდებულ ტაძართან და მისი დახმარებითა და შთაგონებით ახლა შენ ცდილობ ახალი ნამუშევრის შექმნას.
თითქოს უნდა ითრგუნებოდე, მაგრამ პირიქით ხდება… და ეს აშკარად „სვეტიცხოვლის“ ძალა და მადლია. ახლაც არ ვიცი, რატომ დავხატე თევზები… ფერადი თევზი, თითქოს ოქროს თევზი იყო, თითქოს ადამიანების ოცნებები ანათებდა მის ფარფლებში და გაყურსული ფიქრობდა, რომელი ნატვრა აესრულებინა პირველად.
აფრიკაში ტუნისის ფესტივალში მონაწილეობდი… როგორი იყო იქაური შთაბეჭდილებები და რა გავლენა მოახდინა შენს მხატვრობაზე?
– ტუნისზე უფრო ვრცლად უნდა მოგითხროთ. მანამდე უამრავი გზავნილი მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, კონკურსებზე გალერეებში. სიმართლე გითხრათ, ბევრი დასტურიც მიმსვლია და იქვე, იმეილზე მოსული მოწვევები, ჩამიკეცავს და შემდეგ აღარც გამიხსნია.
სანდრო, ჩემი შვილი, პატარა იყო და ვერ წარმომედგინა მის გარეშე სადმე წასვლა. ვფიქრობდი, ან როგორ უნდა დამეხატა რამე, თუკი ჩემთან ჩემი შვილი არ იქნებოდა. 2017 წელს გავაგზავნე აფრიკის ამ ფესტივალზე ნამუშევრები და მომივიდა მოწვევა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მართალია, შვილთან ორკვირიანი განშორება მაშფოთებდა, მაგრამ ცდუნება, მენახა აფრიკა დიდი აღმოჩნდა. ასეც მოვიქეცი და გავემგზავრე აფრიკაში.
ჩავედი ჯერ ქალაქ ტუნისში, სადაც რამდენიმე დღე დავყავი. განსაცვიფრებელი ქალაქია, როგორი ლამაზი და მოვლილი. ვიყავი კართაგენში… ენით აუწერელი შთაბეჭდილება იყო, მაგრამ მთავარი წინ მელოდა.
ტუნისიდან ქალაქ გაფსაში გავეშურეთ. რომ დაგუგლოთ, მასზე ბევრს ვერაფერს წაიკითხავთ.  ეს არის ძველი, დამბომბილი ქალაქი. ბენზინგასამართი სადგურების ნაცვლად, პირდაპირ პლასტმასის კანისტრები უდგათ. დადიან ფეხშიშველები.
მივდიოდით ავტობუსით და ვფიქრობდი, აქ სად უნდა მოვთავსებულიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მხატვრები…
უეცრად, ამ გაპარტახებული სივრცეების შემდეგ, ჩვენ თვალწინ გადაიშალა ფერადოვანი ხეივანი, საუკუნის წინანდელი კარიბჭე და გამაოგნებელი სილამაზის საოცარი სასტუმრო, რომელსაც 5 დღე ვათვალიერებდი. სასტუმროს ძველი იერსახე ჰქონდა შენარჩუნებული. ყოველი კარი, კარის სახელური, მინა, ფანჯარა, მაგიდა, სკამი, აივანი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენდა. ეს იყო სასწაული.
ხალხი, სასტუმროს პერსონალი, ორგანიზატორი, მისი მეუღლე, შვილები ადამიანები რაღაც განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით შეგვხვდნენ, რითაც შეეძლოთ, ყველაფრით დღესასწაულებს გვიწყობდნენ…
მოვიარეთ ჩრდილოეთ აფრიკა, ვხატეთ აფრიკის ფერები, დღის ნებისმიერი განათების დროს, აუცილებლად უნდა ნახოს მხატვარმა. დედაჩემი მახსენდებოდა, ინდოეთის ფერებზე რომ მიყვებოდა…
ისეთი სითბო და ახლობლობის განცდა სუფევდა, თითქოს აფრიკის სახით ჩემი მეორე სამშობლო აღმოვაჩინე. კარიბჭიდან საღამოჟამს მოგვიწია გასვლა, სხვადასხვა ტრადიციული დღესასწაული იმართებოდა და გახარებული ადამიანებისა და ჯიშიანი ცხენების ყურებას არაფერი ჯობდა.
უცნაურია, ამ სიდუხჭირეში მყოფ ბავშვებს, დიდებს, ქალებს, კაცებს, მოხუცებს, უნდა გენახათ, როგორ უბრწყინავდათ სახეები. ყოველი ბავშვის მზერაში ციცინათელებისა და ვარსკვლავების ნათება ასხივებდა… ფეხბურთს ტლაპოში ფეხშიშველები დახეული ბურთებით თამაშობდნენ… ისინი ბედნიერები იყვნენ, იმაზე ბედნიერები, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია ყველაზე ღრმა და ნეტარ სიზმარში.
ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ბუნებასთან ღრმა და ორგანული კონტაქტია, ისინი ბუნებისაგან „სულგაუმიჯნავი“ ადამიანები არიან. ინტიმი შენარჩუნებული აქვთ პირველქმნილ სამყაროსთან და სიცოცხლეც ამიტომ უხარიათ და ეხალისებათ.
ევროპულ  სკოლაში ხატვის წრეს ხელმძღვნელობ. რას იტყვი შენს მოსწავლეებზე?
– ევროპული სკოლაც ჩემთვის მეორე სახლი აღმოჩნდა. თანაც სანდრო თავიდანვე ევროპული სკოლის ბაღში დადიოდა, შემდეგ ბაღის ჯგუფელები კლასელები გახდნენ. ჩემი სამხატვრო სტუდიის გარეშე ცხოვრება კი მართლა ვერ წარმომიდგენია.
როგორი განწყობა არ მქონია, ყველა დარდი თუ წყენა ერთბაშად მიეცემა ხოლმე დავიწყებას, როცა ხედავ, რომ სიყვარულითა და სიხარულით გელიან…
მე ადამიანში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იუმორს. ჰოდა, ბავშვები ზუსტად იგებენ იუმორს, გულწრფელობას და ათასმაგად გიბრუნებენ უკან. ისინი სწავლობენ ჩემგან, მე ვსწავლობ მათგან. ამიტომაც სულ ვამბობ – ჩვენ ვასწავლით ერთმანეთს ხატვას, სიყვარულს სითბოსა და პატიებას.
ჩემი ბავშვები სტიმულს მაძლევენ, რომ სულ ფორმაში ვიყო. ბევრი რამ ვისწავლო და მერე ეს ცოდნა ბავშვურ ენაზე მათვე გავუზიარო.
რატომაა, რომ ხელოვნებაში, მხატვრობაში, მწერლობაში არაპროფესიონალიზმი სუფევს… კარგია ეს თუ ცუდი?
– პროფესიონალიზმი ცხადია, კარგია. შესაბამისად არაპროფესიონალიზმი – ცუდი! ისე ყველაზე. მნიშვნელოვანი მაინც სინდის-ნამუსია. პროფესიონალი უსინდისოებიც გვინახავს და ნამუსიანი არაპროფესიონალებიც, რომლებიც თავისთვის წერენ, ხატავენ და არავის აწუხებენ თავიანთი შემოქმედებით.
თუმცა არის პროფესიები, რომლებშიც არაპროფესიონალიზმი მომაკვდინებელია, დამღუპველია. მაგალითად ექიმის, იურისტის…
რატომ არ აქტიურობ, როგორც მხატვარი… მე მინახავს შენი საოცარი ნახატები და მაინც ჩრდილში დგახარ…
– მადლობა შეფასებისათვის. ჩრდილში კი არა, ჩემთვის ვარ, ყველაზე მეტად ჩემთვის ყოფნა მიყვარს. არასოდეს ვარ მოწყენილი საკუთარ თავთან.
ერთი დიდი ნაკლი მაქვს, დიდზე დიდი – ნახატების გაჩუქება არ მიყვარს, გაყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ერთი ნახატი ვაჩუქე დედაჩემს. ახლაც ვარწმუნებ, რომ მისია, ოღონდ ჩემს სახლშია და არა მასთან. როგორც კი დავასრულებ სერიას პერსონალური გამოფენისთვის, იქვე ვხვდები, რომ ისე აღარ მომწონს, როგორც მომწონდა. ამიტომაც ან ხასიათი უნდა შევიცვალო („ხასიათი კი ძნელი შესაცვლელია“), როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, „ხასიათი ბედისწერაა”, ან ისევ ისე უნდა მომწონდეს ნამუშევარი, როგორც დასრულების წამს.
– ოჯახი…
–  ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ჩემი, ისე მამამისის ნამდვილი  მეგობარია. რომელიც ზრუნავს და მისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩემი ოჯახი ჩემი დედა და ჩემი მამაა, ჩემი ოჯახია ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩემს შვილს უყვარს, დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს მეგობრებს. ხედავთ, სახლში ვითომ  ორნი ვართ და უზარმაზარი ოჯახი მაქვს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია მოგზაურობა, ფოტოების გადაღება, ცურვა. კიდევ უამრავი ჰობი მაქვს, ისეთი, სიკეთეებს რომ ეხება, უბრალოდ ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი დაწვრილმანებაა და არ ღირს.
– რას იტყოდი ხელოვანის ბედზე დღევანდელ საქართველოში?
–  ახლა დეკემბრის თვეა. ჩვენი საყვარელი მწერლის დაბადებისა და გარდაცვალების თვე. ამიტომ მაგ შეკითხვაზე რეზო ინანიშვილის ერთი საოცარი ჩანაწერით გიპასუხებ… „ბედნიერი მწერალი… ცოცხალი ბედნიერი მწერალი საცოდაობაა. იგი უკვე მოწყვეტილია მთავარს – ჭეშმარიტების ტანჯვით მაძიებელ სულს, ის უკვე აღარ განიცდის სხვათა მოთქმა-გოდებას, აღარ განიცდის მათ მარტოობას“.
ზოგს კონკურსებში გამარჯვება აბედნიერებს, ზოგს კარგად გათვლილი კომერციული მოგებების შანსი, ზოგს კიდევ თავისი სამშობლოს კარგად ყოფნა ურჩევნია ყველაფერს. ასე რომ, როგორც იტყვიან, კაცია და ბუნება.
ვისთვისაც  მწერლობა ბედისწერაა და არა თამაში, ის ბედნიერი ვერ იქნება ვერც დღევანდელ და ვერც მომავალ  საქართველოში. იქნება და…
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი მშობლების ნატვრის ასრულებას ვაპირებ. ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის. მინდა ნოველებისა და მინიატურების გამოცემაც…
– როგორი იქნება შენი ახალი წელი?
– არის დღესასწაულები, რომლებსაც უხდებათ კიდეც ღია ცისქვეშ გატარება, ოღონდ არა ახალ წელს. ტრადიციული ოჯახის შვილი ვარ და შობა-ახალწელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები. ეს დღესასწაულები ისეთი იდუმალებითაა მოცული, მყუდრო სიხარულს მოითხოვს ჩვენგანაც.
პატრიარქმა მრავალი ძველი ტრადიცია და რიტუალი აღადგინა, მათ შორის ვგიჟდები, ისე მიყვარს სახლის სარკმელებთან სანთლების დანთება. მათი ციმციმის შემხედვარეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პატარა, კეთილ ანგელოზებს ვეპატიჟები შინ.
წელსაც ასე იქნება. ჯერ ჩემს მშობლებთან შევხვდებით ახალ წელს, მერე კი, ტრადიციისამებრ, მე და სანდრო საშობაო არდადეგებს ბაკურიანით გავაფერად – გავიხალისებთ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები