"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" თბილისის მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, ყინვის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და განცხადებით მიმართავს.
„თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სრული უმოქმედობიდან გამომდინარე, 31 იანვრის ღამეს არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის ქუჩებში არ ხდებოდა ტექნიკური მარილის მოყრა. 22:00 საათიდან დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ყორღანაშვილის განცხადებით, „მარილი ჯადოსნური ჯოხი არ არის, ყინვაში ზაფხული მოიყვანოს“. მისივე განცხადებით, მათ არ გააჩნიათ საკმარისი ტექნიკა, რომ ყველა ქუჩა მოიცვან.
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმართავს ბატონ გიორგის: „სად გაქრა ის ტექნიკა, რომელიც წინა წლებში სრულად საკმარისი იყო დედაქალაქში ტექნიკური მარილის მოსაყრელად?! რატომ არ იქმნებოდა შარშან ან შარშანწინ ანალოგიური პრობლემები?! თუ ეს ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, მივმართავთ ბატონ აკაკი ჯოხაძეს, იქნებ შუქნიშნების დაუყოვნებლივ შეცვლის სანაცვლოდ, დედაქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა რომ არ ჰქონდეთ, 2014 წლის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პირობებში, შუქნიშნებისთვის გამოძებნილი თანხები მიემართა ამ საკითხის მოსაგვარებლად?!
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერია მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სამსახურით ახორციელებს საბოტაჟს დედაქალაქის მოსახლეობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მთავრობა, რომელიც თავის თანამოქალაქეებს ხელოვნურად უქმის პერმანენტულ პრობლემებს, უნდა გადადგეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცების საკითხზე. ვფიქრობთ, ეს მეორეხარისხოვანია ამ მომენტისთვის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას მიადგა მატერიალური ზიანი და დაუზიანდათ კუთვნილი ქონება, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მერიის მესვეურთა უნიათობით, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა “, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.