„ფეხბურთის თამაშს მიშლიდნენ, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვეტია“…
ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკეში“ თამაშობს, ასევე – ქალთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში. საქართველოს ქალთა ვიცე–ჩემპიონია.
130-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ბევრს მეცადინეობს სასკოლო საგნებში, თან ფეხბურთშიც დიდი მონდომებით ვარჯიშობს.
თავდამსხმელია და გოლის გატანა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.ემზადება საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად. მთავარია, რომ ფეხბურთი მისი სიყვარულია. – მაია ხუციშვილის პერსონა.
– ფეხბურთის თამაში 11 წლის ასაკში დავიწყე. მამაჩემმა პატარა ძმასთან ერთად წამიყვანა „დინამოს“ სტადიონზე, თამაშზე – საქართველო – უელსი. სამწუხაროდ, 0:1 წავაგეთ, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე ფეხბურთის ყურებით. ამის მერე დავიწყე ეზოში ბიჭებთან თამაში და ჩემი ძმის თამაშებზე სიარული. ბოლოს გადავწყვიტე, ამ სპორტს ბოლომდე გავყოლოდი, რადგან შევამჩნიე, რომ კარგად ვთამაშობდი.
– ოჯახმა როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– ოჯახი ცუდად არ შეხვდა ამ ამბავს. ცოტა არ იყოს, დედას და ბებიას არ მოეწონათ, მაგრამ შეეგუვნენ და მხარს მიჭერენ. მამას და ბაბუას კი მოეწონათ და მხარი დაუჭირეს ჩემს გადაწყვეტილებას. მეგობარი გოგონები ხშირად მეუბნებოდნენ: გოგო ხარ და ფეხბურთი რათ გინდაო?
ჩემმა ვარჯიშებმა მეზობლების ყურადღება მიიპყრო და ცდილობდნენ, რამენაირად დამხმარებოდნენ, რომ დედაჩემს ჩემთვის ფეხბურთზე სიარულის უფლება მოეცა. არა მარტო მეზობლები, არამედ მამაჩემიც და ბაბუაც ძალიან მეხმარებოდნენ და ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი მათ.
– როგორ მოხვდი კლუბ „ნიკეში“?
– 12 წლის რომ ვიყავი, როცა მეზობლების დახმარებით მოვხვდი კლუბ „ნიკეში“, რომლის მთავარი მწვრთნელი ცნობილი ფეხბურთელი, საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ბატონი გივი კვარაცხელიაა.
ჩემი პირველი მწვრთნელები კი მამაჩემი და ბაბუა იყვნენ. სამწუხაროდ, დედა რამდენიმე თვე ფეხბურთზე სიარულის უფლებას არ მაძლევდა, რის გამოც ძალიან გულგატეხილი ვიყავი და ხშირად უხასიათოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვეტია. სკოლის მერე ყოველთვის ვვარჯიშობდი. მეცადინეობასაც თავს არ ვანებებდი და ამიტომაც ღამე ვმეცადინეობდი. შაბათ-კვირაობით კი ყოველთვის დილის 9 საათზე ვდგებოდი და ვვარჯიშობდი. ძალიან მიჭირდა კენწვლა, მაგრამ ბოლოს შევძელი. ახლა რეკორდი მაქვს – 710 კენწვლაში, ხოლო თავით – 30.
ასევე ვაკეთებ ცნობილი ფეხბურთელების ფინტებს, მაგალითად დავით ყიფიანის ილეთს – ბურთის კისერზე გაჩერებას.
ვემზადები საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ფიზიკური მომზადების პროფესორთან, ბატონ ავთანდილ ბერიძესთან.
– ქალთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში თამაშობ…
– ძალიან გამიხარდა, პირველ ვარჯიშზევე გოლი გავიტანე, მაგრამ დიდი სათამაშო დრო არ მქონდა. საქართველოს ჩემპიონატზე პირველ 3 თამაშში 5 წუთი მათამაშეს. მესამე თამაშმა მომაპოვებინა მეტი სათამაშო დრო. იმ თამაშში ასისტი გავაკეთე.
– რომელი იყო დაუვიწყარი თამაში?
– მე-4 თამაში ჩემთვის დაუვიწყარ თამაშად დარჩება, რადგან ამ დროს ჩემი პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე.
თავიდან სათადარიგოზე ვიჯექი და ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტად ვიყავი, ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ ბოლოს აღარ შემეძლო და ფსიქოლოგიურად განვეწყე- ჩემს თავს ვუთხარი, რომ შემიძლია და გოლსაც გავიტან-მეთქი.
იმის მიუხედავად, რომ მათთან შედარებით პატარა ვარ, ამ დროს 12-ის ვიყავი 70-ე წუთზე შემომიყვანეს. ზუსტად 2 წუთში, 72-ე წუთზე ჩაწოდებულზე მუხლით გოლი გავიტანე. არ მჯეროდა, სიზმარში მეგონა თავი. მივხვდი, რომ სიზმარი არ იყო. ამ დროს ჩემი მთელი გუნდი მოვიდა და ძალიან დიდი სიხარულით მომილოცეს პირველი გოლი.
მეორე გოლზე, 46 წუთზე შემომიყვანეს. ამ თამაშშიც გოლი გავიტანე. მესამე თამაში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. ჩემი პირველი 90 წუთი იყო. ცოტა ვღელავდი, მაგრამ ნელ-ნელა ავიტანე. მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, გოლი გავიტანე. უბრალოდ გუნდელმა შემთხვევით კარიდან გამოიტანა.
– რას ურჩევდი გოგონებს, რომელთაც ფეხბურთი უყვართ?
– ახლა დიდი მონდომებით ვაგრძელებ ამ სპორტს და ყოველთვის ვცდილობ, გუნდს მოგებაში დავეხმარო. ჩემნაირ გოგონებს გირჩევთ, შეუძლებელი არაფერია, გააგრძელეთ ფეხბურთის თამაში, არ უსმინოთ იმ ხალხს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს გიშლიან. ყველგან არიან ასეთი ადამიანები. ამიტომაც დიდი მონდომებით გააგრძელეთ ვარჯიში, შრომა ყოველთვის დაგიფასდებათ.
– ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა – გიწერია ფეისბუქის გვერდზე. წლები რომ გავა, არ შეიცვლი ამ აზრს?
– რა თქმა უნდა, არა… ეს მართლა ჩემი ცხოვრებაა…
– სიმღერა და გიტარაზე დაკვრა გიყვართ… სიმღერებსაც ხომ არ წერ?
– არა, არ ვწერ. სკოლის და ფეხბურთის გამო რამდენიმე თვის წინ თავი დავანებე…
– მე–7 კლასის მოსწავლე როგორ უთავსებ ფეხბურთს და სწავლას ერთმანეთს?
– კარგად ვუთვისებ. სწავლა მიყვარს, სკოლის მერე ფეხბურთზე მივდივარ. როცა ვბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაღლილი ვარ, ვმეცადინეობ. მე-7 კლასი ბევრ მეცადინეობას მოითხოვს. ამიტომაც ბევრს ვმეცადინეობ… სწავლა სპორტშიც მეხმარება.
– საყვარელი საგნები… თავისუფალი დრო გრჩება?
– ძალიან მიყვარს მათემატიკა, ინგლისური და ისტორია. მათემატიკა იმიტომ მიყვარს, რომ ფეხბურთის თამაშის დროს მეხმარება კოპლექსურ აზროვნებაში. ინგლისური იმიტომ მიყვარს, რომ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის 90 პროცენტი ინგლისურ ენაზეა. თავისუფალი დრო თითქმის არა მაქვს. როცა მაქვს, ინდივიდუალურად ტექნიკის დახვეწაზე ვმუშაობ.
– ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკეს“ თავდამსხმელი ხარ?
– დიახ, ჩემი პოზიციაა თავდასხმა და იმიტომ მიყვარს, რომ გოლის გატანა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– საქართველოს ნაკრებში?
– ასაკი ჯერ ხელს არ მიწყობს, მაგრამ სპეციალისტები მეუბნებიან, თუ ასე გააგრძელებ, შემდეგი წლიდან ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი გექნებაო.
– სამომავლოდ სად გინდა ჩაბარება?
– მინდა ვიყო ექიმი, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები, ძირითადად, ექიმები არიან.
– ფეხბურთს სკოლის დამთავრების მერე ალბათ არ მიატოვებ…
– დიახ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს და თავს არ დავანებებ…
თამარ შაიშმელაშვილი
ფოტო: ნინო ჯაჯანიძე