„…და მაინც უდარდელ კომბლესავით ვთლი და ვალაგებ სულის აღქმა-აღმაფრენას“…

თბილისის სამხატვრო აკადემია კინოტელე მხატვრობის სპეციალობით დაამთავრა. მერე კინოსტუდიაქართულ ფილმშიმუშაობდა.  იყო კინომხატვარი ფილმებისა – აქედანა და შენამდე“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“.
90-
იან წლებში,  ქართული ფერწერის იმ ახალი თაობის წარმომადგენელთა შორის მოიხსენებდნენ, ვინც ყურადღება მიიქცი თამამი მხატვრული ძიებებით.
ბოლო პერსონალური გამოფენიდან, რომელიც  1999 წელს ჰქონდა, გრძელმა ოცმა წელმა გაიარა. მუშაობა არ შეუწყვეტია, მაგრამ დიდი დრო ყოფითმა საკითხებმა წაიღო. ასეულობით ფერწერული და გრაფიკული ტილო დაუგროვდა. ახლახან ახალი ნამუშევრები პერსონალურ გამოფენაზე – „სამანი“ გამოიტანა.
ამბობს, რომ „სამანი“ ზღვარია, არ გაქცევა, არ დანებება, ღირსება… არტკრიტიკოსებმა კი სამანი  გრძელი პაუზისთვის წერტილის დასმად მიიჩნიეს.  – მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონა.

 

– მახსოვს სიზმარი, წითელი მელა მოვიდა. ზამთარი მახსოვს, გუნდას ბებოს ვესროდი…  გული ვატკინე დედას, ვიცელქე, მაშინ პატარა ვიყავი. ბებოს ბიჭი ვიყავი. დედა ადრე წავიდა…
პირველი ნახატები
– რაც თავი მახსოვს, ვხატავ.  ჩემით აღმოვაჩინე ის მხატვრები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ნამდვილობას. ალბათ 1966 წელი იყო. გოგენის თეთრი ცხენი  შემთხვევით ვნახე, რეპროდუქცია იყო. გვერდით არ მყავდა მრჩეველი და მიმთითებელი და ინტუიციამ მითხრა, აი, ის, რაც არის ჭეშმარიტი. ერთი სიტყვით, ცუდ, უვიც მრჩეველს გადავურჩი.
ვან გოგი იყო, ვისაც ვბაძავდი.  დავდიოდი ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკაში და იქ იმდროისთვის ხელმიუწვდომელი სიახლეების გამოცემები ვიხილე. ზოგჯერ კარგია, როცა არავინ გიშლის, პირველადი აღქმა შენით, სხვისგან დამოუკიდებლად მიიღო.
პირველი ნახატები მაინც გულუბრყვილო იყო.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრეთ
 – საინტერესო ახალგაზრდობა იყო და უცნაური მოცემულობა. ხატვას ნამდვილი ფერმწერები გვასწავლიდნენ – ედმოდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე. ნამდვილი მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძე და ბოლო კურსზე მქონდა პატივი, სერგო ქობულაძეს შეგირდი ვყოფილიყავი.
ისე კი, დილიდან გვიანობამდე აკადემიაში ვიყავი და ვშრომობდი. იმასაც მეუბნებოდნენ, სახლი არა გაქვს, რომ სულ აქ ხარო?
რატომ მაინცდამაინც კინოტელე მხატვრობის სპეციალობა?

გამოფენა „სამანი“

– რა ვიცი, მეგონა, ახალი ხილი იყო, მინდოდა, რამე მნიშვნელოვანი ფილმის მხატვარი გავმხდარიყავი. ამ ფაკულტეტზე მეტი ფანტაზია და იმპროვიზაცია იყო საჭირო და ეს ზრდიდა თვალსაწიერს.
მუშაობდით საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში დაქართულ ფილმში“. დამდგმელი მხატვარი ხართ ფილმებისა – „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „აქედანა და შენამდე“ , „პატარა დეტექტივი“…  ყველაზე მეტად რომელ ფილმზე იყო საინტერესო მუშაობა?
– რა თქმა უნდა, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ ნამდვილად კარგი და შემოქმედებითი ჯგუფი იყო. რეჟისორი თავისუფალი, როგორც ახლა იტყვიან, კრეტიული იყო, იცოდა მოსმენა და თუ რამე იდეა მისთვის მისაღები იყო, იყენებდა.  რასაც ვერ ვიტყვი სხვა რეჟისორებზე, რომელნიც მხოლოდ სტანდარტული საბჭოური სკოლის მეთოდებით იღებდნენ.
ამ ბოლო დროს თითქმის არ ჩანდითმიზეზი?
– დრო, რომელიც დაუნდობელი ყოველდღეობით შთანთქავდა ჩემს „მე“-ს. მაგრამ მაინც ვქმნიდი, არ გავჩერებულვარ. ალბათ წასვლა თუ გააჩერებს იმას, ვინც მე ვარ.
ახლახან თქვენს პერსონალურ გამოფენას . ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა. რატომ სამანი?
– „სამანი“ ეს ხომ ზღვარია, არ გაქცევა, არ დანებება, ღირსება. სათქმელი კი იყო ის, რომ შემეხსენებინა, რომ ჯერ კიდევ ვარსებობ, არ დავნებებულვარ ამ გაუტანლობას და დაუნახაობას (მაგრამ რა, კატამ იცის, რომ მე მასზე დიდი ვარ, არა კატა საერთოდ ბრმაა. და ინტუიციაც დაჰკარგვია, რა, რატომ, რისთვის. ნამდვილობა არ ახალისებს, მას მხოლოდ ფეიერვერკებიანი შეგრძნებებით უდგას ფსევდოკუჭისმიერი ხელოვნება).
მე დავიძახე და ვერვინ გაიგო.
ეს გზა ალბათ არსაით მიდის, მე მაინც ვივლი, კაცია და გუნება, მარტოობაც კარგი თავშესაფარია!
ჰობი
– სიცოცხლე, საოცრება, რომელიც სამყაროა, ძიება, კითხვების დასმა, პასუხის არმოლოდინი… ის ხომ ყრუა, ტკბილ-მწარე თამაშია საწუთრო, და აი, ესეც ჰობი.
ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით და არასამთავრობო ორგანიზაციაშიბავშვი და გარემო“, სოციალურად დაუცველ ბავშვებს სახვით ხელოვნებას ასწავლით
– უკვე თითქმის ოცი წელია, რაც ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ. ვიტყვი, რომ მე მათთან ერთად ვქმნი კომპოზიციებს, ერთად ვხატავთ, ისინი მიყურებენ, თუ რა და როგორ, არანაირი ძალადობა მათ მსოფლაღქმაზე, მხოლოდ დადებითი შეფასებები და მოფერება, აი, ჩემი მათდამი დამოკიდებულება.
ბავშვი თავიდანვე შემოქმედია. არ ვასწავლი პრიმიტიული მეთოდით. თავიდანვე კომპოზიციით ვიწყებთ და იქ დეტალებში ყველა ის მოცემულობაა, რაც არ უნდა იყოს მომაბეზრებელი სამყაროსთან მიმართებაში.
დღეს მრავალი ხელოვანი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. რა პრობლემები გაქვთ, როგორც შემოქმედს და რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ, რომ შეგეძლოთ?
– ერთხელ მე ვიყავი მცირე ხნით გერმანიაში, ციოდა, ყველანაირად. უპატრონოდ ბორიალი ცუდია, მართლაც. ახალგაზრდა უნდა იყო, რომ სახელი დაიგდო იქ. აქაც ძნელია, სახელი ისეთი მარკაა, თუ მოგეწება, მტრისას, საით წაგიღებს, როგორც პროდუქტს, ახლა ხომ ასე უწოდებენ ხელოვნებას.
პრობლემა არის დროის სიმცირე, არაადეკვატური შეფასება, ქმნას ხომ მატერიალური რესურსი სჭირდება. მაგრამ მაინც უდარდელ კომბლესავით ვთლი და ვალაგებ სულის აღქმა-აღმაფრენას. შევცვლიდი? ალბათ ასე უნდა იყოს, შენ უნდა აკეთო, გარემოება არასდროს არ იქნება კეთილი შემოქმედისთვის. მხოლოდ ერთს ვისურვებდი, ამქვეყანას, სააქაოს, ჭკვიანი, კეთილი, გონიერი მესვეურები რომ ემრავლა, რომ ადამიანს ეცალოს მშვენიერებით ტკბობისთვის… ოჰ, რა ბევრი რამ მდომებია, არა?!
ნახატის ისტორია…
– მთელი ჩემი შემოქმედება ერთი დიდი ისტორიაა, ის ჯერ პროცესშია. აი, მაგალითად გეტყვით, რომ ძილშიც კი ვხატავ, არა არ მძინავს, მე ვხედავ იმ სურათებს, რომლებიც არ შექმნილა, რომელიც ისე, ეთერში რჩება და სრულყოფილია. ის ნამდვილია, რამეთუ არაფერი და არარა არ ვნებს მას – ვერც დრო, რომელიც არ არსებობს, დიახაც, არ არის ის, ის დრო ყოველი ჩვენგანია.
ოჯახი
– ბედნიერი ვარ, მყავს უსათნოესი მეუღლე – დალი გორგიშვილი, ქალიშვილი – ეკატერინე აკადემიის სტუდენტია, ვაჟი – გიორგი მეთერთმეტე კლასშია.
თუ აქვს ვინმე ცნობილს თქვენი ნახატები?
– ცნობილი მომვლელები? ვინც იძენს სურათს, ანუ ჩემს „მე“-ს, ფიქრს, განცდას, არ მაინტერსებს, რადგან მათ იციან, ან გრძნობენ, რომ ცნობილის ნაღვაწი აქვთ და თუ პროდუქტად აღიქვამენ, ეს ძალზე ცუდია…
სამომავლო გეგმები...
– გეგმა? ჩემი გენგეგმა?! სანამ ვარ, არ გავჩერდები.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები