საფრანგეთში მსხვილი კომპანიების ლოგისტიკურ ცენტრებთან, “შავ პარასკევთან” დაკავშირებით საპროტესტო აქციებს კლიმატის დამცველები მართავენ.
აქტივისტებმა ჯერ კიდევ 28 ნოემბერს ქალაქ ბრეტინისთან მდებარე “ამაზონის” ლოგისტიკურ ცენტრთან მისასვლელი გზა დაბლოკეს.
აქციის მონაწილეებმა გზაზე ძველი მაცივრები, თივა, სარეცხის მანქანები და გაზქურები განათავსეს, რითაც დაბლოკეს ტერიტორიაზე სატვირთოების შესვლა.
აქცია დღესაც გაგრძელდა, თუმცა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, და კლიმატის დამცველები ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
აქტივისტები “შავ პარასკევს” ჭარბი მოხმარების სიმბოლოდ მიიჩნევენ, რადგან დიდი ფასდაკლებების გამო, ადამიანები ისეთ ნივთებსაც ყიდულობენ, რომელიც მათ საერთოდ არ სჭირდებათ.
მათი თქმით, დღეს, აქციები საფრანგეთის კიდევ 17 ქალაქშია დაგეგმილი.
27 ნოემბერს საფრანგეთის მდგრადი განვითარების კომიტეტმა, კანონში შესწორება შეიტანა, რომელიც “შავი პარასკევის”
რეკლამირებას აკრძალავს. მისი ავტორები აქციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის ჭარბი მოხმარების პროვოცირებას ახდენს, რაც თავის მხრივ, ეკოლოგიაზე მოქმედებს უარყოფითად.
ამიერიდან, კანონში შესწორებას მხარი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში უნდა დაუჭირონ.
საფრანგეთში ზაფხულის და ზამთრის “სეილები” არსებობს, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული. ყოველი მათგანი 6 კვირა გრძელდება. შესწორების თანახმად, “შავი პარასკევის” რეკლამა მომხმარებელში მცდარ შეხედულებას აჩენს, რომ “ის ისევე არის მოგებაში, როგორც ეს კანონში გაწერილი სეზონური გაყიდვის დროს ხდება”.