სოზარ სუბარი: “ნაცმოძრაობას” არ დავაბოქლომებინებთ საქართველოს და “მატროსოვის ციხეს”, რომელიც სააკაშვილის ბოლო გაჩერებაა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო სტრუქტურების შესასვლელ კარებზე ბოქლომების დადებას გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.
“ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი თავის სრულ დისკრედიტაციას ახდენს და აბსოლუტური მარგინალიზაციისაკენ მიდის, თუმცა, ამ გზაზე გარკვეულწილად ახერხებს, უცხოელ ტურისტებსა და ინვესტორებს შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს, საქართველოში მთლად სტაბილური ვითარება არ არის, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება. მოკლედ, “ნაციონალური მოძრაობა” სახადია, რომელიც ბოლომდე ვერ მოვიხადეთ, მაგრამ ახლა ნაცები, მათ გვერდით მდგარ ყველა პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საკუთარ თავს თვითონ ამთავრებენ.
ნაცები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად დაეცა და ხელისუფლება სწორედ არჩევნების წაგების შიშით ინარჩუნებს მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ სად არის აქ ლოგიკა? თუ ჩვენი რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული, მაშინ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ისინი 73-ვე მაჟორიტარულ ოლქს უპრობლემოდ მოიგებენ და პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ. მაშ, რატომ ნერვიულობენ? რა უნდათ?
ნაცებმა კარგად იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, რაც მათ მიერ ბოლო დროს ჩატარებულ მიტინგებზეც კარგად გამოჩნდა. ამდენად, ისტერიკაში არიან და სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ხელში აღმა-დაღმა ირბინონ. თუმცა, თეა წულუკინის თქმისა არ იყოს, ნაციონალებს საქართველოს არ დავაბოქლომებინებთ და, მათ შორის, არ დავაბოქლომებინებთ “მატროსოვის ციხეს”, რომელიც მათი ლიდერის- მიხეილ სააკაშვილის ბოლო გაჩერებაა”,- განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.