ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია, ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს – რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია, ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს არც მშვიდობის და არც საომარი მოქმედებების დროს, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმი თავს კარგად გრძნობს.

“ვაჟამ 9 ნოემბერს 3-ის ნახევარზე დამირეკა “ვაიბერით” და მითხრა, რუსმა სამხედროებმა დამაკავესო. სად ხარ-მეთქი, ვკითხე, ვერ მიპასუხა, მივყავარო და კავშირი გაწყდა.

წერილში, რომელიც “წითელმა ჯვარმა” გადმოგვცა, ვაჟა გვწერს, ნუ ნერვიულობთ, თავს კარგად ვგრძნობო და ვიტამინების შეგზავნა მთხოვა. მოგეხსენებათ, იქ რა პირობებშია. ვაჟამ ყველანი მოგვიკითხა და მადლობა გადაიხადა მხარში დგომისთვის.

ასევე, ვესაუბრე მათ, ვისთან ერთადაც ვაჟა იჯდა იზოლატორში და ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. თუმცა ისიც, მითხრეს, რომ იქ საშინელი პირობებია არა აქვთ საჭმელი, სიცივე და სივიწროვეა. ერთი ქართველი პატიმარი ნაცემი ყოფილა, სიცხე მიუცია და ვაჟა მას უვლიდა და ღამით თავის ქურთუკს აფარებდა. მითხრეს, ვაჟა ჩხუბობდა, “წითელი ჯვარი” ან სასწრაფო დახმარება რატომ არ მოდის, მედიკამენტები რატომ არა გაქვთო. იმ პატიმარმა მითხრა, 2 ღამით კარცერში უნდა ჩავეგდე და ჩემ მაგივრად ვაჟა ექიმი ჩავიდაო. ვაჟამ მათი ელემენტარული უფლებები დაიცვა მას შემდეგ, რაც იჩხუბა, საკანში დღეში ერთხელ საჭმელი შემოჰქონდათო. ვინც ვაჟას იცნობს, ყველამ იცის, რომ ის ყველაზე ზრუნავს. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე. ხშირად შუაღამით დაურეკავთ და ერთხელაც არ დაუწუწუნია, რატომ მაღვიძებენო. უხმოდ მიდიოდა პაციენტის დასახმარებლად. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას ბევრი ნაცნობ-მეგობარი ექიმი ჰყავს, ასევე სტუდენტები და პაციენტებიც და ვიცი, ძალიან განიცდიან ვაჟას მდგომარეობას”, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

თამილა ლაფანაშვილმა ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ სატელეფონო საუბრებისა და საბანკო ტრანზაქციების ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კანონდარღვევა, რადგან პირადი ინფორმაციაა.

“ეს კანონდარღვევაა, პირადი ინფორმაციაა. თანხა, რომც ჩარიცხულიყო, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ჩარიცხა და თუ აქვთ ეს ინფორმაცია, გამოაქვეყნონ. ვაჟას მობილურში დაყენებული ჰქონდა “ქოლრეკორდერი” და იმის მიხედვით ნახეს ტელეფონში ის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის შაბათ საღამოს ჩამოსვლას აპირებდა, რადგან კვირა დილით სოფელში უნდა წავსულიყავით. მას არ დაუკონკრეტებია პაციენტის ვინაობა. თამარ გიგაურთან ვიზიტი ჩემი მოსაზრება იყო, რადგან ამ საკითხს წინადღეს განვიხილავდით და ვწუხდით მის მდგომარეობაზე. ვაჟა ტელეფონით ხელოსნებს ესაუბრა, რომლებიც ეზოში დენის გაყვანას გვპირდებოდა”,- განმარტა ლაფანაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლიც მიხედვითაც ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა, ექიმის და უშიშროების სამსახურის მიერ საზღვარზე მოწყობილი პროვოკაცია საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება. თამილა ლაფანაშვილის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციაა, რომელსაც ვაჟას დაკავებასთან არანაირი კავშირის არ აქვს.

“ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ვაჟას დაკავებასთან. ჩვენ მივმართეთ რუს მფრინავებს, რომლებსაც ვაჟა ომის დღეებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და რომელთაც მერე პუტინმა გმირობა მიანიჭა. მკურნალობის შემდეგ ისინი ჩვენმა უწყებებმა “წითელი ჯვრისა” და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით საზღვარზე გადააცილეს. როცა გადავიდნენ, რუსეთშიც განაგრძობდნენ მკურნალობას. საგაზეთო ინტერვიუში ეს მფრინავები მადლობას უხდიან ქართველ ექიმებს და ამბობენ, რომ არა ისინი, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდითო. ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია. ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს არც მშვიდობის და არც საომარი მოქმედებების დროს. ვაჟას ჩვენებებში უთქვამს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია რუსებს აქვთ ოკუპირებული და ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ამას ვამბობთ ყველა, ეს ჩვენს მთავრობას აქვს დეკლარირებული და ასე რომ, ვაჟა იქ ყველას აზრს ახმოვანებს”,- განმარტა ლაფანაშვილმა.

მან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

“აბსოლუტურად ყველა მიმართვა, ნებისმიერი კომენტარიც კი ძალზე ამაღელვებელია. გაეროს , “ნიუ-იორკ თაიმსის”, ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების, მსოფლიოში ცნობილი ექიმების, საზოგადო მოღვაწეების, ნებისმიერი ადამიანის გამოხმაურება, რომელიც პროტესტს აცხადებს ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ, ვაჟას გათავისუფლებაში დაეხმარება. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. ვაჟა იქიდან იბრძვის, ჩვენ აქედან”, – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები