როგორ დაწერა გოდერძი ჩოხელმა „მღვრიემდე გაგვიმარჯოს“ და რა მიართვა მის ავტორს თენგიზ აბულაძემ ქორწილში?

ყაზბეგში, მთამსვლელების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ალპინისტების სპეციალური სკოლა დაამთავრა. მონაწილეობდა უამრავ ალპინიადაში, წლების მანძილზე ყაზბეგის სამაშველო სამსახურის უფროსად მუშაობდა, ასობით მთამსვლელი გადაურჩენია, ფათერაკი და ნადირობის წყურვილი კი ფეხდაფეხ სდევდა…
საინტერესო სახეები შექმნა ქართულ ფილმებში. გადაღებულია გოდერძი ჩოხელის თითქმის ყველა ფილმში, გადასაღებ მოედანზე  მიიწვიეს მერაბ კოკოჩაშვილმა, თემურ ბაბლუანმა, გია ჭუბაბრიამ…
და მაინც, მისი პიროვნება გოდერძი ჩოხელის ერთ მოთხრობას გადაეჯაჭვა – „მოხევის სადღეგრძელოს“, რომელიც მისი ნამბობის მერე დაიწერა, ხოლო სიტყვები „მღვრიემდე გაგვიმარჯოს“ – ყველასთვის საყვარელ სადღეგრძელოდ იქცა. – მონადირისა და მთამსვლელის – შალვა ქირიკაშვილის პერსონა.

–   მთამსვლელების ტრადიციულ ქართულ  ოჯახში ვიზრდებოდი,  მთამსვლელი იყო ჯერ პაპაჩემი – ნიკო ქირიკაშვილი, შემდეგ მამა – ვახტანგ ქირიკაშვილი. ბიძაჩემი დევდორაკის მყინვარზე ზვავში დაიღუპა. ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მოდიოდნენ მამაჩემთან მეგობრები, მუსიკოსები, სპორტსმენები, მონადირეები,  ყველანაირი ხალხი მოდიოდა ჩვენთან.
ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემს ოჯახში მთას მაზიარეს,  ვუყურებდი დიდ და უსასწაულეს პიროვნებებს, მთა ისეთი რაღაცაა, ახლოს რომ მიხვალ, მერე იქიდან წამოსვლა ძნელია. კაცი რომ მწვერვალიდან გადმოიხედავ, ვეღარ იცხოვრებ მთის გარეშე.  ამან განაპირობა ალბათ, რომ მეც მთამსვლელობა გადავწყვიტე.
სპეციალური ალპინისტური სკოლა კომუნისტების დროს ყაბარდო-ბალყარეთში  ხუთებზე, დავამთავრე.   სტაჟირება სვანეთში გავიარე.  მერე წავედი პამირზე და მასობრივ ალპინიადებში ვმონაწილეობდი. ინსტრუქტორის წოდება მქონდა, 40 წელიწადი ყაზბეგის სამაშველო სამსახურის უფროსი ვიყავი, იქამდე, სანამ ეს სანამ ქვეყანა დაინგრეოდა.
მამაჩემი რომ დაიღუპა, 1968 წლიდან ვსპორტსმენობდი, ალპინისტი ვიყავი და მერე დამნიშნეს სამაშველო სამსახურის უფროსად.
ყაზბეგში თითქმის ყველა მწვერვალი დამილაშქრავს,  უამრავ მწვერვალზე ვყოფილვარ შუა აზიაში, ყაბარდო-ბალყარეთში… პამირში, ავსტრიაში… სად აღარ… ეს არის მთის ავადმყოფობა,  რომელიც გიზიდავს და თავს ვერ ანებებ. ასე ვცადე, დამენებებინა თავი, მაგრამ ვერ შევძელი….
ქვეყანა რომ დაინგრა, ხელფასებს არ გვაძლევდნენ, მაგრამ მე მაინც ისევ სამაშველოში ვირიცხებოდი, რაღაც რომ მოხდებოდა, ვინმეს მიხმარება თუ დასჭირდებოდა, მე მაინც მივდიოდი საშველად. ფულის გულისთვის კი არ დავდიოდი?
ახლაც რომ გავიგო, ვინმეს შველა სჭირდება, უსასყიდლოდ და ყველაფრის გარეშე, მის გვერდით ვიქნები. გაჭირვებულ კაცს როგორ არ უნდა დაეხმარო?
– მრავალ ადამიანს დახმარებიხართ მთებში… ჯგუფები გადაგირჩენიათ… რას გაიხსენებთ ახლა?
– სახლი რომ დამეწვა, ხანძარმა გაანადგურა ყველაფერი, მათ შორის დაიწვა ჟურნალები, სადაც ეწერა, როგორც ვეხმარებოდი გერმანელსაც, რუსსაც, ქართველსაც… ყველა ეროვნების მთამსვლელებს.  სამაშველო სამსახურიდან მარტო მყინვარწვერზე ასობით კაცი გადამირჩენია, ასევე 100-მდე მკვდარი ჩამოტანილი მყავს.
1984 წელს უშბისკენ ირაკლი გელდიაშვილის ჯგუფი გაემართა, გოგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, მურად ჭიჭინაძე, დათო კობახიძე, გია ტუშური უკან ვეღარ დაბრუნდნენ… 6-ვე დაიღუპა…  სამის სხეული მაშინვე ნახეს, დარჩენილი სამიც მე ვიპოვე.  სამაშველო სამსახურის უფროსი ვიყავი, წავედი ყაზბეგიდან, პატარა „როზისკი“  ჩავატარე უშბაზე და სამივე ვიპოვეთ.
მახსოვს, 6 კაცი მყინვარწვერიდან ნისლში გამოცურდა ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრეს… მაგ დროს  თოვლში ჯდომით უნდა წამოხვიდე ცურვით. მოსკოველები იყვნენ, ერთი რომ დაჯდა და წამოვიდა, გამოფრინდა, ვერ მოასწრო დაყვირება და დანარჩენების გაფრთხილება,  რომ არ წამოსულიყვნენ. ყველა დაჯდა და წამოვიდნენ…  ხუთივე მშვიდობით ჩამოცვივდნენ, მაგრამ ერთი ქალი იყო, ტანმოვარჯიშე, ჩარჩა იქ…  ორი დღე ვეძებე, თან ნისლი იყო, თან ჩვენი მთავრობა მაგრად მაწვებოდა, ის ქალი როგორ ვერ უნდა იპოვოთო… მაშინ უფროსი ვიყავი და თვითონ გავდიოდი საძებრად. მეოთხე დღეს ვიპოვე, ორ ნაპრალს შუა ჩარჩენილი…
ჯილდოებიდან  რომელს გამოარჩევდით?…
– კომუნისტების დროს  კავკასიის ოლქის სასაზღვრო ჯარების გენერალ- ლეიტენანტ მატროსოვის ოქროს საათი მაქვს მიღებული, ასევე უამრავი სიგელი, დედების, ოჯახების სამადლობელი ბარათები.
გავიხსენებ წინა საუკუნის 70-იან წლებს. აჭარაში, ქედას რაიონში, თურქეთის საზღვარზე  13 მესაზღვრე ზვავში მოყვა. 13-ვე მიცვალებული ამოვიღეთ. ბათუმიდან  75 კილომეტრი ფეხით ვიარეთ და პირდაპირ თურქეთის საზღვარზე გავედით. ზვავში გამოსაყენებელი სპეციალური ხელსაწყოებით ვმუშაობდით და ყველა სწრაფად ვიპოვეთ. ერთმა გაგვაწვალა,  ღრმად იყო ჩამარხული ზვავში….
ორსართულიანი თოვლი იყო, ბათუმში არაფერი მოძრაობდა. სახლებში ჭერიდან ჩავდიოდით. 31-ე ქარხანაში დამზადებული  დურალუმინის სპეციალური თხილამურებით დავდიოდით. 75 კილომეტრი მაინც გავიარეთ.  სკოლებში ვათენებდით ღამეს. ავედით. ყველა მესაზღვრე ვიპოვეთ და ჩავაბარეთ პატრონებს, მშობლები, ახლობლები ჩამოვიდნენ სსრკ-ს სხვადასხვა ქვეყნიდან… არავინ არ წაიყვანა მიცვალებულები.  მოილაპარაკეს და დიდი ემოციით დაასაფლავეს ყველა ერთად.  ბათუმში, ძმათა სასაფლაო გაუკეთეს… მთელი ბათუმი იქ იყო… ისეთი ლამაზი მესაზღვრეები იყვნენ, როგორც შოლტები.
სამაშველო 12-კაციან ჯგუფს სპორტის დამსახურებული ოსტატი,  ალპინისტური კლუბის დირექტორი მიტო ობოლაძე ხელმძღვანელობდა.  მე მაშინ ბაკურიანში ვიყავი და იქიდან გამომიძახეს, ოპერაციის შემდეგ  ყველას გვაჩუქეს ოქროს საათები.
– ქართულ ფილმებში ხშირად გიწვევდნენ რეჟისორები… გოდერძი ჩოხელი ფილმების მთავარი გმირი ხართ…
– 35-40 ფილმში  მითამაშია, ზოგში მთავარი როლი, ზოგში – ეპიზოდური.  გოდერძი ჩოხელის თითქმის ყველა ფილმში ვთამაშობ – „ბაკურხეველ ხევსურში“, „ცოდვის შვილებში“, „ადამიანთა სევდაში“,  „ლუკას სახარებაში“…  მერაბ კოკოჩაშვილის ფილმ „მწვერვალში“ მთავარ როლს ვთამაშობ, ომარ გვასალიას „იმედის მწვანე კუნძულში“ ასევე მთავარ როლში ვარ. გია ჭუბაბრიამაც გადამიღო… გამოვდივარ ასევე  თემურ ბაბლუანის მიერ სვანეთზე გადაღებულ ქართულ-ფრაგულ ფილმში „მემკვიდრეობა“…
რეზო გიგინეიშვილი ფილმი „მძევლები“ სოფო ნიჟარაძე და გია ჯაფარიძეც თამაშობენ.
ანანურის ციხესთან გადამიღეს ბოლოს, ერთ რუსულ ფილმში.
– მამათქვენთან მეგობრობდა მრავალი ცნობილი ადამიანი და იქიდან დაიწყო თქვენი გზაც კინოში, ოჯახური მეგობრობიდან…

კადრი ფილმიდან – „მწვერვალი“

– მამაჩემთან პეტრე გრუზინსკი, რევაზ ლაღიძე მეგობრობდნენ… სანადიროდ ჩამოდიოდნენ ხოლმე. ზოგჯერ ოჯახებითაც – თენგიზ აბულაძე, ოთარ გორდელი, სპარტაკ ჯეჯელავა, მამაჩემი მასპინძლობდა. პეტრე გრუზინსკისთან ერთად ბევრჯერ ვარ მთაში ნამყოფი.
თენგიზ აბულაძის „ვედრებაში“ პატარა ეპიზოდურ როლში გამოვდივარ… ცხენები მოვპარეთ ქისტებს…
თენგიზ აბულაძე  ძალიან ახლოს იყო ჩვენს ოჯახთან,  როგორც ჩვენი ოჯახის წევრი. ჩემს ქორწილში დიდი დაღესტნური გობი –  სახინკლე მომართვა, კანფეტებით და საჩუქრებით იყო სავსე… ახლაც კედელზე მიკიდია, მთლიანად  ხისგანაა დამზადებული, ძალიან ძვირფასი საჩუქარია.
– თენგიზ აბულაძე რომ გაიცანით, სკოლაში დადიოდით…
– მე და ნანა ქავთარაძე ვიყავით სკოლის მოსწავლეები. მეცხრე კლასში დავდიოდი. წვერზე მომდიოდა ღინღლი….
– გოდერძი ჩოხელის განუყრელი მეგობარი იყავით…
გოდერძი ჩოხელი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. რეზო ჩხეიძემ სწორად თქვა, ეგეთი ჯანმრთელი ტვინის რეჟისორი საქართველოს აღარ დაებადებაო და მართალიც იყო. გოდერძი ძალიან ძლიერი იყო. სასწაული იყო პირდაპირ – რაღაცას რომ მოვუყვებოდი, იქიდან ისეთ რამეს გამოაცხობდა, პირღიას მტოვებდა. ლიტერატურულად მხატვრულად გააფორმებდა – გამოაფორმებდა და გამოაცხობდა…
ერთად ვიყავით მე და გოდერძი ქისტეთშიც, ჯარიახის ხეობაში, ჯარიახი დაუნდობელი წყალია ქართულად. ლამაზი ქალი წაუღია და მას მერე დაუნდობარ წყალს ეძახიან ქისტები.  გოდერძის მანქანით ვიყავით, წყლისპირს ვისხედით. უმცროსი ბიჭი – ნიკაც თან ჰყავდა გოდერძის.
იქ ყოფნისას ქისტებმა გამოიარეს „გრუზავიკით“, ნასვამები იყვნენ, სანადიროდ დავდიოდი და მე კარგად მიცნობდნენ,  ჩამსვეს მანქანაში და საქეიფოდ მომიტაცეს.
ქისტების სოფელ  ღულში აგვიყვანეს.  გოდერძიც ჩემთან ერთად მოხვდა…

ქორძო – „ცოდვის შვილები“

ძალიან დიდი ფანტაზიის პატრონი იყო გოდერძი და დაწერა ნოველა „მოხევის სადღეგრძელო“,  ქისტის მოტაცებაც ამ ამბავს მიაბა.
მერე გადაიღო გოდერძიმ ეგ ადგილები „ცოდვის შვილებში“, სადაც ქისტი ქორძოს როლში გამოვდივარ. ხეობაში შევდივარ, უკან ცხრაციხის ფონია.  ქართველები ცხრაციხეს ეძახიან, ქისტურად არზი ჰქვია. ეს ცხრაციხე „ვედრებაშიც“  გადაიღო თენგიზ აბულაძემ. ზურა ყიფშიძე და მარინა ჯანაშია თამაშობენ კიდევ ჩემთან ერთად „ცოდვის შვილებში“…
ამ ფილმის გამო რომის პაპის პრემიები მივიღეთ  მე და გოდერძიმ.
რაღაცას რომ ნახავდა, მთავარია, მიზეზი ეპოვა, პატარა რამეზე ფანტაზიით ააწყობდა ხოლმე დიდ ამბავს.
– სწორედ თქვენს ნაამბობზე დაწერა გოდერძიმ „მოხევის სადღეგრძელო“, სადაც მოხევე ამბობს სადღეგრძელოს, მღვრიემდე გაგვიმარჯოსო…
– მოხევის ეს სიტყვები – მღვრიემდე გაგვიმარჯოსო, მე მოვუყევი გოდერძის. სინამდვილეში ეს ამბავი ასე მოხდა – ჯიხვის შეკვეთა მივიღე და ხდეს ხეობაში წავედი სანადიროდ. სწორედ იქ  ვნახე სუფთა მთის წყარო, რომელიც ქვებში მიდიოდა, მერე კი დარიალში უერთდებოდა თერგს… 4 მეტრში მისდევს თერგს სუფთა წყალი და მერე იმღვრევა. ნადირობის შემდეგ პურმარილი გაიშალა, ვქეიფობდით ბიჭები და იქა ვთქვი, მღვრიემდე გაგვიმარჯოს-მეთქი…  მერე ქორწილშიც გავიმეორე იგივე. ჩემმა ახლობლებმა, ვინც ეს გაიგო,  ყველა იმეორებდა ამ სადღეგრძელოს, თან ამბობდნენ, შალიკოს ნათქვამია, იმან დალია პირველად ეს სადღეგრძელოო.
– „ბაკურხეველ ხევსურში“ თამაშობთ…  რას გაიხსენებთ გადასაღები მომენტებიდან?

კადრი ფილმიდან – „ბაკურხეველი ხევსური“

– იქ მარტო ვთამაშობ… ამ ფილმის გადაღების დროს გუდამაყრელები გოდერძის დასცინოდნენ, რას ჩამაიყვანე მოხევე, გუდამაყრელი უნდა გადაგეღოო…  თქვენ არ იცით, ეგ რა ბიჭიაო, ეუბნებოდა გოდერძი.  მერე მომიყვანეს გიჟი ცხენი და ამბობდნენ ჩემზე, დაამტვრევს მაგასო.  ვერ დაამტვრევსო, – პასუხობდა გოდერძი. მერე ასეთი კადრია, ფოსტალიონს წავართმევ ცხენს,  უნდა გავუშვა, გავაქციო. სუყველა მეხვეწებოდა, ძალიან ცუდი ცხენია, გადმოგაგდებს და  დაგამტვრევსო. მე ვუთხარ, კაცო, თქვენ რა იცით, მე გავიგებ მაგას-მეთქი… რო შევჯექ ცხენზე და გავუშვიიიი… ვაჰ, მართლა მაგარი ბიჭი ყოფილაო, კი თქვეს გუდამაყრელებმა და მერე არაფერს აღარ ეუბნებოდნენ გოდერძის.
მიჭირს ახლა, სიკვდილის შემდეგ მასზე ლაპარაკი, ანგელოზი კაცი იყო, ღმერთივით იყო. მეგობრებმა ბოლოს პატრიარქთან მივიყვანეთ, სნოში, პატრიარქი ჩამოსული იყო  სნოს რეზიდენციაში, იმ დროს გოდერძი დეპრესიაში იყო. პატრიარქმა უთხრა, ათი დღე დარჩი სნოში, დაისვენეო… თავის რეზიდენციას სთავაზობდა. უარი უთხრა და მერე ისე ინანა, ტიროდა… ეჰ, უცნაური იყო ბოლოს…
– ცნობილი მონადირეც ხარ…
– მე ეგა ვარ, სხვა არაფერი არ ვარ, არც კინომსახიობი და არც იურისტი. პროფესიონალი მონადირე  ვარ. მამაც და პაპაც, ყველანი ეგენი ვართ ძირითადად. მერე მთაში დადიხარ და ალპინიზმიც და ბუნებაც გიყვარს.
ნადირობის გულისთვის ძალიან ბევრი რამ შემიძლია. ყაზბეგში „ზაპრავკას“ – თბილისი-ვლადიკავკაზი ვამუშავებდი, ნადირს რომ დავინახავდი, დავკეტავდი  და გავრბოდი სანადიროდ.
– ბევრს აქვს თქვენი მოკლული ჯიხვის რქები…
– მთელ ჩემს საძმაკაცოს ეგენი აქვს, მერე დამაბრალეს, ასე თქვა შალიკომ, ჩემდა წილად ვხოცავ ამ ჯიხვებსო… სტუმრად რომ ვარ სადმე და გადმომაწვდიან ყანწს, ვეტყვი ხოლმე,  აგერ, შემომიტრიალდა უკან-მეთქი… მე არ მიყვარს ყანწით ღვინის დალევა…
ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც ჩვენს ოჯახში მოსულა, ყანწებს ვაჩუქებდით ხოლმე. მახსოვს, ოთარ მეღვინეთუხუცესს აჩუქა მამაჩემმა  ჯიხვის კარგი ყანწები.
– რამდენი ნადირი მოგიკლავთ?
– ეგ საიდუმლოა, არასდროს არ ვიტყვი, მაგის თქმა არ შეიძლება…
– ყაზბეგმა შეიცვალა იერსახე, ტურიზმის მთავარ ქალაქად გადაიქცა…
– ყაზბეგი აყვავდა ტურიზმით, აშენდა სახლები, ქუჩები გალამაზდა. მაგრამ ცუდია ის ამბავი, რომ საქონელი აღარ ჰყავთ ყაზბეგში, ნატურალური არაფერი აღარ იშოვება, ჩამოტანილია ყველაფერი. სასტუმროები და ტურიზმის მომსახურება გახდა მთავარი.
გაჭირვებაა  და ხალხმა ბოსლები სასტუმროებად გადააკეთა. საქონელი აღარ ჰყავთ, ორი წლის წინ თუ 300 ძროხა იყო ყაზბეგში, ახლა 40-ია.
რძე აღარ იშოვება.  როცა ჩემი საქონელი გაშრება ხოლმე, იძულებული ვარ, რძე ვიყიდო, რადგან 8 შვილიშვილი მყავს და რძე სულ გვჭირდება… მე ყველაფერი მყავს, უღელიც, ბერწებიც, მეწველებიც, ცხვრებიც. ყველაფერი მყავს ჩემი წილი…
ტურიზმს რაც შეეხება –  მოვლენ, კონსერვის ქილებს  დატოვებენ, ჩვენს ჰაერს ჩაისუნთქავენ, ყველაფერ სილამაზეს ნახავენ, ბუნებით დატკბებიან და შენ ვინ გამოდიხარ? – მომსახურე პერსონალი. რატომ უნდა ვიყო ვიღაცის მომსახურე პერსონალი. როცა იქით უნდა გემსახურებოდნენ.
– საზღვარზე ცხოვრობთ…
– რაც ყაზბეგში სახლი დამეწვა, გველეთში, ზედ საზღვარზე ვცხოვრობ, რაც კი შეიძლება სოფელში გყავდეს, ყველაფერი მყავს.
ცოლი და ბიჭები ჩამოდიან ხოლმე, სამი ბიჭი მყავს – უფროსს ვახოს – მამაჩემი სახელი ჰქვია, ლევანს ფრონტზე დაკარგული ბიძის სახელი დავარქვი. უმცროსი თემურა კი მეგობარმა მონათლა,  ლაგოდეხის ნაკრძალის უფროსმა მოჭიდავე თემურ ტყემალაძემ.
ჩემს ბიჭებსაც უყვართ მთა, გიდები არიან… ლევანა უფრო დადის მყინვარწვერზე…
ახლა 72 წლის ვარ, ადრე ლექსებსაც ვწერდი, ერთი რვეული მქონდა. რაც სახლი დამეწვა, რვეულიც დაიწვა, მას მერე აღარაფერი აღარ დამიწერია… ძირითადად, სოფელში ვარ და მეურნეობას ვპატრონობ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები