ირაკლი ღარიბაშვილი: ჯორჯიის შტატში, ზურაბ გვენეტაძისა და გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით მემორიალზეა ამოტვიფრული(ვიდეო)

კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, საერთო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და უზრუნველყოფას შესწირეს.

თავდაცვის მინისტრმა ფორტ ბენინგთან მდებარე ქვეითთა ეროვნულ მუზეუმსა და ჯარისკაცის ცენტრში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო.

“ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის – კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, საერთო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და უზრუნველყოფას შესწირეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები – ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე 2008 წლის 2 მაისს, ერაყში, ბაღდადის მახლობლად, სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. მაშინ ორივე სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით ბატალიონში მსახურობდა.

“სწორედ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წყალობით, დღეს აქ ამაყად ვდგავართ და მივისწრაფით უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, – ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ღონისძიებაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა, რის შემდეგაც ცენტრის მეთაურთან, გენერალ-მაიორ გარი მ. ბრიტოსთან და უსაფრთხოების ძალების I მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ სკოტ ა. ჯექსონთან შეხვედრები გამართა და ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები