„სააკაშვილის წერილი გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველია“

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, მედიის მიერ გასაჯაროებული სკანდალური წერილი, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავს, სრულიად საკმარისი საფუძველია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.
„ეს არის ყოფილი პრეზიდენტის პირდაპირი აღიარებითი ჩვენება, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა გამოძიების დაწყებას შეუდგეს. როგორც ვიცით, პროკურატურამ გამოხატა მზადყოფნა, რომ ამ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება „Deloitte“-ის საერთაშორისო, საკმაოდ მაღალი სანდოობის მქონე აუდიტორული დასკვნის შედეგებს და ამ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა, დაიწყოს გამოძიება. თავისთავად, ეს დასკვნა არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენი შიდაეროვნული კანონმდელობით არის საკმარისი საფუძველი, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ასევე არსებობდა ინფორმაცია მისი საოცრად დიდი ფინანსური რესურსების ფლობის თაობაზე, რომელიც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებით ხდებოდა. გარდა ამისა, ვრცელდება ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომლითაც დაინტერესებულები არიან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები”, – განაცხადა ბესელიამ. დეპუტატის შეფასებით, ის, რომ ყოფილ პრეზიდენტს კეზერაშვილის დახმარების სურვილი აქვს, გასაკვირი არაა. მისი თქმით, ამ საქმეში მთავარი არის ის, თუ საიდან ხდებოდა ამ მასშტაბის ფინანსური რესურსის მობილიზება.
„როცა საუბარია მილიარდიან ბრუნვაზე, საიდან აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს ამ მასშტაბის ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება? – ამ კითხვებს პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები