რას გადაწყვეტს მსოფლიო პატრიარქი მეუფე პეტრესთან დაკავშირებით – თეოლოგის მოსაზრება

​თუ მეუფე პეტრე გულწრფელად მოინანიებს, შესაძლოა სასჯელი აეხსნას, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით განაცხადა.

“არავინ იცის, რა იქნება ხვალ, შესაძლოა, ვითარება განიმუხტოს და მეუფე პეტრეს დარჩეს სტატუსი – ის დარჩება მიტროპოლიტად, თუმცა მღვდელმსახურების გარდა, ეპარქიის მართვა და სხვა უფლებები დროებით შეჩერებული აქვს, მაგრამ “დროებით” ზოგჯერ დიდხანს გრძელდება. თუ მეუფე პეტრე გულწრფელად მოინანიებს, შესაძლოა სასჯელი აეხსნას, თუმცა კიდევ ბევრი რამ მოხდა და საკითხავია, მიიღებს თუ არა ამას სინოდი.

მეუფე პეტრეს შეუძლია წმინდა სინოდის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლში გაასაჩივროს. მაგრამ ძალზე არასტანდარტული ვითარებაა – ერთი ეპისკოპოსი 46-ის წინააღმდეგ. როცა გაირკვევა, რომ ერთმა მეუფემ ლანძღა და “ამხილა” პატრიარქი, დიდი ალბათობით, მსოფლიო პატრიარქი ჩათვლის, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის შიდა საქმეა, მოერიდება თავისი ჩარევით საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭებას.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში უფრო მასშტაბური საკითხები განიხილება, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებული პრობლემები, თუნდაც იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქოების უთანხმოება”,- განმარტა აბაშიძემ.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთის საკითხს, თეოლოგის თქმით განკვეთამდე რამდენიმე ეტაპი არსებობს.

“განკვეთამდე არსებობს ეტაპები: ჯერ მღვდლობისგან ჩამოშორება (მსახურების შეჩერება), მაგრამ ხარისხში დატოვება, შემდეგ მისი ჩამორთმევა- ანუ იმავე უფლებებით ტოვებენ, რაც ერისკაცს აქვს.

საერთოდ, ეკლესია განკვეთას უკიდურეს შემთვევაში აწესებს, რადგან სასულიერო პირისთვის საეკლესიო თანაზიარების სისრულიდან გარიყვას გულისხმობს, რითაც ის მოკლებულია სულიერ სიკეთეს და შეზღუდულია უფლებებში. განკვეთილს აღარ შეუძლია მონაწილეობა მღვდელმსახურის სტატუსით საჯარო კულტის არც ერთ აქტში, ასევე არ ექნება საიდუმლოთა აღსრულების ან მიღების უფლება, დაკარგავს დამოძღვრის უფლებას, მღვდელმსახურების სახელსა და პატივს. მისი სახელი ამოიშლება სასულიერო დასის სიიდან, სადაც ის შევიდა ხელდასხმის დროს. განკვეთა სამუდამოა და ის ვერასოდეს გახდება სასულიერო პირი. ასეთი სასჯელით ისჯება ხუცესი, რომელიც ცალკე აღმართავს საკურთხეველს და არ დაემორჩილება თავის ეპისკოპოსს.

თუ მეუფე პეტრე უფრო აგრესიული არ იქნება, შიომღვიმეში თუ არა, სხვა მონასტერში წავა ან სულაც მშვიდად იქნება თბილისში, ისე, რომ “ბრალდებების” წარდგენას არ დაიწყებს, არც სინოდი და პატრიარქი დაამძიმებენ ვითარებას. თუ მოინანიებს, მის ძველ ადგილას დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ლმობიერი, მომთმენი და მიმტევებელია, ამიტომ არ ჩქარობს განაჩენის გამოტანას”, – აღნიშნა აბაშიძემ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები