მამუკა არეშიძე: რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული აქციები, ვფიქრობ, ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა

რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას გაზეთ “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ფილმის პრემიერის პირველი დღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც არავის გახსენებია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები თუ ამბები ამ გაუთავებელი დაპირისპირებით იჩქმალება, რაც ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო ანაწევრებს და ათითოკაცებს. რაც შეეხება ფილმს და მის გამო აჟიოტაჟს, ძალიან არაჯანსაღია ის ვითარება, რაც ლგბტ თემის გარშემოა შექმნილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარის მიერ ხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც ლგბტ თემის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგეები რადიკალური ხერხებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მე ვნახე ეს ფილმი, მოგეხსენებათ, ჩემი პირველი პროფესია რეჟისურაა და სწორედ ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებ, მიმაჩნია, რომ როგორც ხელოვნების ნიმუში საშუალოზე დაბალი დონისაა, მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდის სამსახიობო ოსტატობისა. რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ეს ფილმი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ზნეობის სახელით გამოდიან ქუჩაში, ძირითადად, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ნამდვილად არიან გულწრფელად შეშფოთებული მოქალაქეებიც. საბედნიეროდ, სამართალდამცავებმა მოახერხეს პროცესების მართვა, განსხვავებით 20-21 ივნისის მოვლენებისგან.

რაც შეეხება ამ ყველაფერში ხელისუფლების როლის და გარკვეული პროცესების გადაფარვის მცდელობას, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ასე იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ამ ყველაფრის თავიდან აცილება იქნებოდა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვითარების უფრო დაძაბვას შეუწყობდა ხელს”, – განმარტა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები