საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
1-2 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 2 თებერვლიდან, ამ რეგიონებში, ქარის სიჩქარემ, დროგამოშვებით, შეიძლება 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს. უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის გავლით გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო, ხოლო კასპიის ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, რამაც ნალექები, მთასა და მაღალ მთაში თოვა გამოიწვია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზა ჩაიკეტა. 1 თებერვლიდან ნალექები, ძირითადად, შეწყდება, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 10 – 15 გრადუსით დაიწევს.