შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შემცველი მასალების დიდი ნაწილი, გამოძიების დაწყების მიზნით, გადაიგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად, ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს, ასევე, დაზიანებული მასალა დაუყოვნებლივ განადგურებას დაექვემდებარა. ეს გადაწყვეტილება უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ბოლო შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა. ამასთან, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს და მოიწონეს პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც აღმოჩნდა, არსებული ვიდეომასალის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს, მათ პარტიულ ხელმძღვანელებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე, მათი შეხვედრის ადგილებს, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს და ხასიათდებოდა უპრეცედენტო მასშტაბებით.