მეუფე ქრისტეფორე: მთელი ქართველი ერი ფეხზე უნდა დადგეს და სასწრაფოდ მოითხოვოს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება
ჟარგონით საუბარი სასულიერო პირს არ შეშვენის, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი, მეუფე ქრისტეფორე მეუფე იაკობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ.
“არ მჯერა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბატონ გიორგი გახარიასა და ბატონ ვახტანგ გომელაურს პატრიარქის დამხობა სურდათ და ამის შესახებ მეუფე იაკობთან და სხვა მეუფეებთან სახელმწიფო კანცელარიის შენობაში საიდუმლო შეხვედრები გამართეს! ეს ყოვლად წარმოუდგენელია… ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? პატრიარქი რომ ისმენს ამ ყველაფერს, ნეტავ, რას ფიქრობს?
“ციანიდის სკანდალი” და ათასი უბედურება იმიტომ აგორდა, რომ ღმერთს უკვე სურვილი აქვს, გამოამზეუროს ეკლესიაში შექმნილი ვითარება! მე მაგალითად, აზრი ვერ გამოვიტანე, ბოლოს და ბოლოს რა უნდა და ვის უპირისპირდება მეუფე იაკობი? თანაც ასეთი ჟარგონით ლაპარაკი სასულიერო პირს შეშვენის? თუ სიმართლე გინდათ, ვინც მეუფე იაკობს მოუსმენს, დამერწმუნება, რომ მისი სახით ჩვენ ეკლესიასთან საქმე არ გვაქვს! უფრო მეტიც, ეკლესიის სახელითა და მეუფე იაკობის სახით ჩვენ გვმოძღვრავს და გველაპარაკება რაღაც უბედურება!
იცით რა აზრი მიჩნდება? დადგა დრო, მთელი ქართველი ერი ფეხზე დადგეს და სასწრაფოდ მოითხოვოს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება! ეს კრება უნდა იყოს ღია და მთელმა ქართველმა ერმა უნდა გაარჩიოს მტყუან-მართალი. არ ვიცი და გაოგნებული ვარ, საიდან არჩევს ამ ხალხს პატრიარქი და რა მანქანებით გახდნენ ისინი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები?”, – განმარტავს მეუფე ქრისტეფორე.