მაია მწარიაშვილი: მივიღეთ ჩაკეტილი საბჭო, სადაც თვითონ ინიშნავენ თავს და ნიშნავენ ერთმანეთის ახლობლებს
თბილისის ყოფილი პროკურორის მაია მწარიაშვილის შეფასებით, პარლამენტში მოსამართლეების მოსმენის პროცესი წინასწარ არის დაგეგმილი, ყველაზე დიდი პრობლემა კი კლანური მმართველობა და იუსტიციის საბჭოა.
როგორც მწარიაშვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში აღნიშნა, საზოგადოებამ ჩაკეტილი საბჭო მიიღო, სადაც თვითონ ინიშნავენ თავს და ნიშნავენ ერთმანეთის ახლობლებს, ახლა კი ურთიერთგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებთ.
“შალვა თადუმაძის, მისი მოადგილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამ სიაში შეყვანა თავიდანვე მიანიშნებდა, რომ ეს წინასწარ გარიგებული იყო და მათ გარანტიები მისცეს. ასე რომ არ ყოფილიყო, მოქმედი გენპროკურორი, რომელსაც ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია, არც ერთ შემთვევაში არ გამოთქვამდა სურვილს, მოსამართლეობისთვის ეყარა კენჭი. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება პროცესები პარლამენტში, მაგრამ მართლმსაჯულებაში იმდენი პრობლემა გვაქვს, მხოლოდ ამ ეტაპის მოგებაც კი ვერ უშველის საერთო სურათს. სამაგიეროდ, ნამდვილად მოახდენს მმართველი პარტიის იმ დეპუტატების ლუსტრირებას, რომლებიც კლანს მფარველობენ”, – მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილის თქმით, ხელისუფლება რადიკალური ცვლილებების გზით უნდა წავიდეს, ხელახლა უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების შენება.
ყოფილი პროკურორის თქმით, თავადაც უჭერდა მხარს უდავო მოსამართლეების არჩევას, თუმცა არ გაამართლა და ჩამოყალიბდა კლანურ მმართველობად.