პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული უცხოელი გორელ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა – შემზარავი საქმის ახალი დეტალები
შემზარავი საქმის შესახებ, რომელიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონო დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგს უკავშირდება, „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია. ცნობილია, რომ შსს-მ მძიმე დანაშაული გახსნა და ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრი დააკავა. „კვირამ“ გორის რაიონის სოფელ ზედღულეთში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლსაც მიაკვლია. ჩვენთვის ცნობილია, დაკავებულ პირთა ვინაობაც, თუმცა ვინაიდან საქმეში დაზარალებული ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლებიც იყვნენ ჩართული, არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად, ეჭვმიტანილთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.
რაც შეეხება ისტორიას, „კვირამ“ გაარკვია, რომ დაკავებულთაგან სამ პირს, 1985 წელს დაბადებულ მ.ც-ს, 1978 წელს დაბადებულ ბ.ც-ს და 1984 წელს დაბადებულ გ.ბ-ს ერთმანეთთან ახლონათესაური ურთიერთობა აქვთ. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედღულეთიდან არიან, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
როგორც „კვირას“ ანონიმური წყარო უყვება, სწორედ დედაქალაქში, მათ ბინაში ხდებოდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება. დაკავებულ ბ.ც-ს და გ.ბ-ს მოზარდი შვილები პორნაგრაფიის გადაღებაში იყვნენ ჩართული. ამავე სახლში, ქირით ცხოვრობდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაღებული პორნოგრაფიული მასალის უცხოურ საიტებზე დისტრიბუციას ახდენდა და ბავშვების მშობლებსა და ნათესავებს 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე წლების წინ გორის რაიონში პედაგოგად მუშაობდა და ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. აღნიშნული პიროვნება საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით განხორციელებული ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ერქვა. სოფელ ზედღულეთში ის სწორედ პორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებული პირების სახლში ცხოვრობდა და მათთან ახლო ურთიერთობა სწორედ მაშინ დაამყარა. აღნიშნული დეტალების შესახებ შსს ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა „კვირასთვის“ ცნობილია, რომ დაკავებული უცხოელი მამაკაცი წლებია უკვე საქართველოშია.
კიდევ ერთი დეტალი: შსს-მ ასევე დააკავა ამავე სოფლის მკვიდრი, 1981 წელს დაბადებული გ.ბ, რომელიც გორის რაიონში ცხოვრობდა და პერიოდულად დედაქალაქში გასაყიდად ხილ-ბოსტანი ჩაჰქონდა. ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, სოფელ ზეღდულეთის მკვიდრი ქალბატონის ახლო მეგობარია და მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ პირს გამოძიება, უკანონო ქმედების შეუტყობინებლობას ედავება. აღმოჩნდა, რომ გ.ბ-ს მ.ც-სთან ჰქონდა ურთიერთობა, იცოდა, რომ მოზარდების პორნოგრაფიის დამზადებაში იყო ჩართული, თუმცა ინფორმაცია დამალა.
„კვირამ“ გორის რაიონის სოფელში მცხოვრები გ.ბ-ს დედა ჩაწერა, რომელსაც არ სჯერა, რომ მისი შვილი დამნაშავეა. დარწმუნებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მან არაფერი იცოდა.
„ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვიცი, რომ იმ ქალს ხვდებოდა, მასთან მიდოდა ხოლმე… იმ ქალთან უცხოელი მდგმურიც იყო… მარტო ეგ ვიცი…. ჩემმა ბიჭმა, დარწმუნებული ვარ, არაფერი იცოდა, თუ რა ხდებოდა იმ სახლში… წესიერი შვილი მყავს და არ მჯერა, რომ მან ეს ყველაფერი პოლიციას არ შეატყობინა… გარემოების მსხვერპლი გახდა… უყვარდა ის ქალი და აკითხავდა ხოლმე. სულ შრომაში იყო…ორი დღის წინ დაუკავებიათ. მე კიდევ, დღეს გავიგე. 17-ში რეისში იყო წასული, თბილისში გასაყიდად ნიორი ჰქონდა წაღებული და გზიდან დაუკავებიათ“,- განაცხადა დაკავებული გ.ბ-ს დედამ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.