ანომალიური ფაქტი რუსთავში – მეგრელიშვილების ოჯახში ნივთებს ცეცხლი თავისით ეკიდება

უცნაური შემთხვევა რუსთავში. მეგრელიშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი ავეჯს და ნივთებს თავისით, უნებლიეთ უჩნდება. ერთადერთი ადგილი, სადაც ცეცხლი არ ჩნდება, ეს ხატების კუთხეა. ანომალიური მოვლენა რუსთავში უკვე გახმაურებულია, თუმცა თავად მეგრელიშვილები ამის შესახებ მედიასთან არ საუბრობენ. მეზობლების განცხადებით კი, ცეცხლი მხოლოდ ორ ოთახში – საძინებელსა და სამზარეულოში ჩნდება.
„კვირამ“ უცნაური შემთხვევა რუსთავის სახანძრო სამსახურში გადაამოწმა. მათ ფაქტი დაადასტურეს და კონკრეტული რიცხვიც დაასახელეს, როდესაც მეგრელიშვილების ოჯახში გამოძახებაზე უკანასკნელად მივიდნენ: „დიახ, ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. მეგრელიშვილების საცხოვრებელ სახლში პირველად 25 მაისს გამოგვიძახეს. როდესაც ჩვენი ბრიგადა მივიდა, ცეცხლი სახლის თითქმის ყველა ნაწილს ეკიდა, გარდა ხატების კუთხისა. ამის შემდეგ ამ მისამართიდან გამოძახებები ყოველ დღე გვაქვს, ხანდახან დღეში სამჯერაც. ბოლო გამოძახება გუშინ, 1 ივნისს დაფიქსირდა “, – აცხადებენ სახანძროში.
ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლების განმარტებით, მეგრელიშვილების ოჯახმა რუსთავში საცხოვრებელი სახლი ორი წელია შეიძინა. ისინი ოთხსართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე ცხოვრობენ. სავარაუდოდ, ოჯახში დედა, მამა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
დეტალების დასადგენად „კვირა“მეგრელიშვილების მეზობელს დაუკავშირდა, თუმცა მან ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორც ის აღნიშნავს, მომხდარით მთელი სამეზობლო გაოგნებულია, ვერავინ ვერ ხსნის, თუ რა იწვევს საცხოვრებელ სახლში ცეცხლის უნებლიეთ გაჩენას. მისი თქმით, ხანძრის კერა, ხატების ოთახის გარდა, ყველგან, თავისით ჩნდება.
„როგორც ვიცი, ცეცხლი პირველად ფარდებს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. შემდეგ კარადიდან კვამლი დაინახეს. რომ გააღეს, ის საშინლად აალდა და ყველაფერი დაიწვა. არ ვიცი, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ფაქტი… ხანძარი დღეში რამდენჯერმე ჩნდება. ბავშვების, ან ოჯახის სხვა წევრების დაუდევრობას გამოვრიცხავ, რადგან არსებობენ ადამიანები, რომელთაც მომხდარი საკუთარი თვალით ნახეს. ვიცი, რომ ოჯახმა მამაო მიიყვანა და სახლი აკურთხებინეს.
კიდევ ერთი ისტორია, რაც გაგებული მაქვს: როდესაც მოძღვარი მეგრელიშვილების სახლს აკურთხებდა, მასთან ოჯახის პატარა წევრი – გოგონა მივიდა და უთხრა, რომ როდესაც ხატი ხელში ეჭირა, ქვემოდან ვიღაცამ ხელი ამოკრა და ის გადააგდებინა. ამის შემდეგ, ხატები ყველა ოთახში დაალაგეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი აღარ გაჩენილა, თუმცა გუშინ ნივთებს ცეცხლი თავისით კვლავ მოეკიდა“ , – აცხადებს მეზობელი.
რაც შეეხებათ მეგრელიშვილებს, მათ „კვირასთან“ განაცხადეს, რომ თუკი ამ თემაზე საჯაროდ საუბარს გადაწყვეტენ, ჟურნალისტებს თავად დაუკავშირდებიან.

10425806_718353894877165_256771207_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები