ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი, უდიდესი ნაბიჯი

“ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი, უდიდესი ნაბიჯი და ყველაფერს ეტაპობრივად გაიგებთ”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაზა სარალიძის თქმით, მას დღეს პირველად გაუჩნდა შეგრძნება, რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს და რომ ეს იყო სამართლის ნაწილობრივ აღდგენა. „ბრძოლა ისევ გრძელდება. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ თავი შეიკავოს ყველანაირად ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისთვის. უკაცრავად და ჩემზე უკეთ არავინ იცის, მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები