უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ვარაუდობს, რომ საბჭო მას დაბლოკავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი, იურისტი დიმიტრი ხაჩიძე ვარაუდობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის კანდიდატურას დაბლოკავს. ამის შესახებ ხაჩიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„მე არ მგონია, პარლამენტში 20- კაციან სიაში მოვხვდე. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ განსაკუთრებთ 2015 წლიდან არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის საბჭოს შორის დაიძაბა ურთიერთობა მურუსიძისა და ჩინჩალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით. მე პირადად, მგონია, რომ, მაგ ფაქტორებიდან გამომდინარე, 20-კაციან სიაში ვერ მოხვდები.
მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ გვერდზე გადგომა არ მიმაჩნია სწორად. ამ პასუხისმგებლობით შევიტანე მე განაცხადი უზენაეს მოსამართლეობაზე. თუ ადამიანს ეუბნები, შენ ვერ აკეთებ ამ საქმეს, მაშინ ისიც უნდა უთხრა, ვინ გააკეთებს მასზე კარგად”, – განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. თუმცა იურისტი ამბობს, რომ პროცესის სამართლიანად წარმართვის იმედი არ აქვს.
„ბრძოლამ, რომელიც დაიწყო შარშან დეკემბერში , 10 -კაციანი სიის წარდგენის შემდეგ, პრაქტიკულად, შედეგი გამოიღო. შედეგია ის, რომ კანონით გაიწერა – რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სამართლიანი იქნება – სიმართლე გითხრათ, ამის ნაკლები იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოწოდებაც გავაკეთეთ თავის დროზე, როცა შერჩევის პროცესი დაიწყო, მაქსიმალურად ბევრს შეეტანა განაცხადი, ამ სიაში არ არის ძალიან ბევრი ისეთი იურისტი, რომლის იმედიც გვქონდა და რომლის ობიექტურობაშიც შეიძლება ნაკლები ეჭვი შეიტანოს ადამიანმა. საბოლოოდ, პროცესი როგორ წარიმართება, ვნახავთ. პირველ ყოვლისა, საბჭომ რაც უნდა გააკეთოს, ისაა, რომ ეს 144-კაციანი სია უნდა დაიყვანოს 50 კაცამდე. ამ 50 კაცთან ჯერ საბჭო ჩაატარებს გასაუბრებას და 20-ს წარადგენს პარლამენტში. გამჭვირვალე იქნება პროცესი, თუმცა რამდენად იქნება ობიექტური და შერჩევის კრიტერიუმები რამდენად იქნება სამართლიანი, ეს ძალიან შეფასებითი საკითხია.
იმ ცნობილ 10 -კაციან სიაში ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი არ არიან. ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, მისი კანდიდატურის წარდგენას ძალიან დიდი ბრძოლა მოჰყვა. მთავარი წინააღმდეგობა მის სახელსა და გვარზე გადიოდა, თუ რატომ ამას თავისი ისტორია აქვს. ფაქტია, რომ ამ ბრძოლამ გამოიღო შედეგი. თუმცა ვხედავთ, რომ ის სიიდან 8 ისევ სიაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში გამეფებული კლანის წევრების უმრავლესობა ისევ წარმოდგენელია ამ სიაში. დიდი შანსია, დარწმუნებული ვარ, 50 კაცში ეს 8 კაცი აუცილებლად მოხვდება. შეიძლება, რვავე ვერ მოხვდეს პარლამენტში წარსადგენ სიაში, მაგრამ, ზოგადად, იმ 20 კაციდან უმრავლესობა მაინც იქნება კლანთან დაახლოებული წევრები . იმიტომ, რომ მათთვის მთავარია, ეს სადავეებია ხელიდან არ გაექცეთ“, – განაცხადა იურისტმა.
დიმიტრი ხაჩიძემ კომენტარი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის შესახებაც გააკეთა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაშია.
„რაც შეეხება მთავარი პროკურორისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფნას ამ სიაში – სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო, განსხვავებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, რომელსაც შედარებით მცირე ვადა აქვს დარჩენილი. მთავარი პროკურორი სულ რაღაც 1 წლის წინ აირჩიეს თანამდებობაზე, 5 წელს კიდევ უნდა ყოფილიყო. მთავარი აქ არის ის, რამდენად აცნობიერებს ეს ხალხი მისი თანამდებობაზე ყოფნის პასუხისმგებლობას.
ის მომხიბვლელობა, რაც უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლედ გამწესებას ნიშნავს, ეს არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და არა – სხვა ფაქტორები. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, ინფორმაცია არ გვაქვს. მთელი წელი გავიდა და მთავარი პროკურორი რეალურად არც გვინახავს”, – განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1-ელ ივნისს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები. რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს – მათი გვარები გვხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა ახალ სიაშიც. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები