გიგა ბოკერია: დავით კირკიტაძის გადასაწყვეტია, რას იტყვის
„დავით კირკიტაძის გადასაწყვეტია, რას იტყვის”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრი, გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვასა და დარბაზიდან მისი გათავისუფლების საკითხს.
ამასთან, გიგა ბოკერიას შეფასებით, კირკიტაძის შემთხვევა იყო პოლიციის უკანონო ქმედებაზე რეაქციისას დაშვებული ცუდი ინციდენტი პოლიციის მიმართ, რომელსაც მხარს არ უჭერს.
„დავით კირკიტაძის გადასაწყვეტია, რას იტყვის. მისი შემთხვევა, როცა ციხეში იჯდა, იყო შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების დემონსტრირება, რადგან მძიმე, ძალადობრივ დანაშაულებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების წარმომადგენლები დღესაც დაუსჯელები დადიან. ახალქალაქის ამბავი, რომელიც იყო მძიმე კრიმინალი, დღემდე გამოუძიებელია. დღისით, მზისით მოხდა ეს თავდასხმა მაშინ, როდესაც კირკიტაძის შემთხვევა იყო, ჩემი აზრით, პოლიციის უკანონო ქმედებაზე რეაქციისას დაშვებული ცუდი ინციდენტი პოლიციის მიმართ, რომელსაც მხარს არ ვუჭერ. ამიტომ მოხარული ვიქნები კირკიტაძის გათავისუფლებისა. მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის უტიფარი შერჩევითობა. ღია და მძიმე დანაშაულებზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფიგურები წახალისებული და დაუსჯელია. ვგულისხმობ შემთხვევებს, სადაც მტკიცებულებები დღის სინათლეზე არსებობს ან საერთოდ გადაღებულია, ხოლო, ოპონენტების შემთხვევაში, საკამათო ვითარებებშიც მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო პოლიციის თანამშრომლებს ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიში მოუხადა.
ამის შემდეგ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით კირკიტაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ დავით კირკიტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
პროკურორმა გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი.
დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.