გიორგი ცუცქირიძე: სახელმწიფო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერას ახორციელებს

საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერას ახორციელებს.
ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ინვესტორს ინვესტიციების მოზიდვაში ხელი არ შეშლოდა.
„სახელმწიფო ახორციელებს ამ პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერას. ეს დასტურდება ყველა განცხადებით, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მიერ კეთდება – იქნება ეს პრემიერმინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თუ ეკონომიკის მინისტრი. სახელმწიფომ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, წასულიყო გარკვეულ კონსენსუსზე, რომ ინვესტორს ხელი არ შეშლოდა ინვესტიციების მოზიდვაში. სახელმწიფომ ამით პრაქტიკულად ამოწურა თავის ფუნქცია. ახლა ბურთი ინვესტორის მოედანზეა. გაუგებარია ის განცხადება, რომელიც გააკეთა ხაზარაძემ, როცა თქვა, ანაკლიის პროექტი შეჩერდებაო, ეს დაუკავშირა ინფორმაციას ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებაზე. აქ არის ორი ძალიან საინტერესო კითხვა, თუ მოლაპარაკებას აწარმოებ მთავრობასთან, კომუნიკაციის პრობლემა რატომ არის? ეს ინფორმაცია, რომელზე დაყრდობითაც განცხადება გააკეთეს, აღმოჩნდა დაუზუსტებელი და მცდარი. ეს ეხებოდა არა უშუალოდ მშენებლობის ნებართვას, არამედ – ერთ-ერთი სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემას მიწის აზომვით სამუშაოებზე. მერეც  თავად კაკაურიძემ გუშინ განაცხადა, რომ, როცა მან ეს ნებართვა გასცა, ეს არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. აღიარა, რომ ხარვეზებით იყო ნებართვა გაცემული. როცა ასეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით ატეხ  ამხელა ამბავს, ეს არ არის პატარა ამბავი  იმიტომ, რომ ეს განცხადება გადის გარეთ. ამას მარტო ჩვენ კი არ ვისმენთ, ისმენენ უცხოელები, ინვესტორები. ფაქტობრივად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებაა. რეალურად, მე ასეთი აზრი დამრჩა – ეს ხომ არ არის ამ თემის აწევით საკუთარი ვალდებულებების ვერშესრულების გადაფარვის მცდელობა? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ არც ამ შემთხვევაში დაიხია უკან, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. როგორც ანაკლიის მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია მედიით გაიგეს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები