მამუკა ბახტაძე ოპოზიციას: ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს “ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი

“აქ არაერთხელ ითქვა სიტყვა “ორკესტრირებული შეტევა”, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს “ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “თი ბი სი ბანკთან” დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, “თი ბი სი ბანკი” ძლიერი, სისტემური ბანკია და ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ თავიანთ პოლიტიკურ ნარატივში ამ საკითხის დაყენებას.
“მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს “ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე – მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, “თი ბი სისთან” დაკავშირებით, ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები