„ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელსაც არ ეშინია კრიტიკის“

   ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელსაც არ ეშინია კრიტიკის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“გურულებთან პოლიტიკაზე ლაპარაკი არ არის ადვილი საქმე. გურულები ისე მსჯელობთ მსოფლიო პოლიტიკაზე, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც შეშურდება. თქვენ თავისუფალი და ნიჭიერი ხალხი ხართ, განსაკუთრებული იუმორითა და კრიტიკული აზროვნებით და, რაც ყველაზე მთავარია, კრიტიკას არ აკლებთ არც ერთ ხელისუფლებას. ყველა ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკა. და მინდა გითხრათ, ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელსაც არ ეშინია კრიტიკის. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და რჩევები. ჩვენ კარგად ვიცით პრობლემები, მაგრამ, რაც მთავარია ჩვენ გვაქვს მათი გადაჭრის რეალური ხედვა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ზრუნავს იმისათვის, რომ ყველა პრობლემა, რომელიც რეგიონების მოსახლეობას აწუხებს, პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვიტოს.
“30 წელია აქაური ხალხი ელოდება ნატანები-შრომა-ურეკის გზის აღდგენას. ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ გზის რეაბილიტაციას. მე დღეს ვიყავი და დავათვალიერე სარეაბილიტაციო სამუშაოები. სულ მალე დასრულდება ეს გზა, რომელიც გურიის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ათ სოფელს გაუმარტივებს ტრანსორტირებას. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას გურიაში და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამიერიდან სოფლები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაიონულ ცენტრს და საერთაშორისო გზასაც. ეს გზა ხელს შეგიწყობთ ციტრუსის რეალიზაციაშიც, და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეგიმცირდებათ ტრანსპორტის ხარჯები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები