კოკა ყანდიაშვილი: ვიდრე პირში სული მიდგას, სააკაშვილს არ მოვასვენებ და მაინც ამოვთხრი
“ვიდრე პირში სული მიდგას, სააკაშვილს არ მოვასვენებ და მაინც ამოვთხრი”, – აცხადებს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.
გამოცემა კოკა ყანდიაშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2 “-ს ეთერით გასულ სიუჟეტის გარშემო ესაუბრება, სადაც ჟურნალისტი “ტროლების ქარხნის”დირექტორად იყო მოხსენიებული. თავად კოკა ყანდიაშვილის ინტერვიუში აცხადებს, რომ სიუჟეტში ასახული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება: “რუსთავი 2″, ტრადიციულად, იტყუება. უკვე მერამდენედ ვამბობ. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფოს. ამ სისულეებთან არავითარი კავშირი მაქვს, არც ფაბრიკა-ქარხანა.. მოკლედ, ტროლებიც თვითონ არიან, ტროას ცხენებიც და ტროლეიბუსებიც! გამოიგონებენ თემებს, მერე ვიღაც ტიპებს დასვამენ ეთერში და ათქმევინებენ იმას, რაც სურთ; მაგრამ იქ ბევრი კარგი ადამიანიც მუშაობს, რომელიც ამხელს, როგორ თითხნიან ათას სიბინძურეს, როგორ ავარჯიშებენ ჟურნალისტებს, რა როგორ თქვან. მათ სახელებსა და გვარებს რიგრიგობით გამოვაქვეყნენ, ვპირდები ნიკა გვარამიას”, – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის გამოძიებას არ დაუკითხავს. ამავე ინტერვიუში, კოკა ყანდიაშვილი მის მიმართ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადებებსაც ეხმაურება და მას სამარცხვინო ადამიანს უწოდებს. “კაგებეს ჯარში ნამსახურევი სააკაშვილი ჩემზე რომ იტყვის, აგენტიაო, რაღაა სალაპარაკო?! სამარცხვინო ტიპია. თავის დროზე რვეულებიც იყო გამოქვეყნებული, სადაც მოსამსახურე ქალბატონი იწერდა და ზედ ქვითრებსაც ურთავდა, მაღაზიიდან პროდუქტები და სანდრასთვის ჰიგიენური საშუალებები რომ მიჰქონდა. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ფულიდან მიდიოდა, გესმით? – რა დონის ნაძირალაა სააკაშვილი!? რაც უნდა მოხდეს, დედამიწის ზურგზე, მაგ კაცს არ მოვასვენებ. სადაც შევძლებ და როგორც შევძლებ, ისე ვამხელ მის არაკაცობას!”- აცხადებს კოკა ყანდიაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.