პარტია “კანონი და სამართალი” იშლება?
თაკო ჩარკვიანის პარტია “კანონი და სამართალი” შექმნიდან მეორე დღეს დატოვა ყრილობაზე წევრად არჩეულმა ვალერიან (ვატო) გელაშვილმა.
ვატო გელაშვილი თავის დროზე “თავისუფალი დემოკრატების” აქტიური წევრი იყო, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, მან საპატიმროშიც კი გაატარა გარკვეული პერიოდი. ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატებიდან” წასვლის შემდეგ, ვატო გელაშვილმა აგრეთვე დატოვა პარტია და ამავე პარტიის წევრთან, ქეთევან ენუქიძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფცია” შექმნა.
ვატო გელაშვილმა “პირველთან” პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. გელაშვილის თქმით, პარტიის სტრატეგიული გეგმა მისი ორგანიზაციის გეგმებში არ ჯდება.
“იშლება არ ვიცი, მაგრამ მე, ახალგაზრდები, ჩემი ორგანიზაციის ხალხი წამოვედით. მიზეზი იყო ის, რომ პარტიამ გაგვაცნო თავისი სტრატეგიული გეგმა, რომელიც არ ჯდება იმ გეგმაში, რა გეგმასაც ჩვენ ვსახავდით, ანუ ჩვენი ანტიკორუფციული გეგმა არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიცაა ქალბატონი თამარის მიერ წარდგენილი გეგმა, ის უფრო სხვა მასშტაბებზე გადის, ურო ღრმა და დიდ პერიოდზეა გათვლილი. ვფიქრობ, თუ ისარგებლებდნენ მისი პროგრამით სხვა განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნებიც, კარგი იქნებოდა. ფაქტობრივად, გაუფასურდა ანტიკორუფციული გეგმა, ისეთი სტრატეგია აქვთ დახაზული. სასწაულები წერია, მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვთ ძალიან სერიოზული გეგმა, შიდა პრობლემების მოგვარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ბევრი სხვა გეგმა აქვთ, როგორ გადაწყვეტენ, მაგალითად, უპატრონო ბავშვების საქმეს, ამდენი მშიერი ბავშვი რომაა ქვეყენაში და ძალიან სერიოზული გეგმები აქვთ. აპირებენ ემიგრანტების ჩამოყვანას, მიწების შესახებ კანონი და ა.შ. ჩემი ხედვა ვეღარ ჯდება ამ გეგმებში, რადგან ძალიან მოკრძალებულია. მირჩევნია, ვიმუშაო შესყიდვების მიმართულებით, იქ გამოვლენილი კორუფციის, ნეპოტიზმის, ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით”, – განაცხადა ვატო გელაშვილმა.
ამასთან, ვატო გელაშვილი კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაეძაბა ურთიერთობა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ვანო პავლიაშვილთან, ასე პასუხობს:
“ვანო პავლიაშვილი პიარია, არ არსებობს ნორმალური ადამიანი, ვისაც შეიძლება ჩემთან ურთიერთობა დაეძაბოს. მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ეტყობა, ვანო პავლიაშვილმაც ვერ დაინახა ამ მასშტაბურ ქვეყნის აღმშენებლობის გეგმაში ჩემი როლი და კულუარებში, როგორც ჩანს, ჩემ მიმართ აქვს რაღაც პრეტენზიები. არ ვიცი, დაარსებიდან მეორე დღეს, მე წამოვედი პარტიიდან, აღარ მივსულვარ და არც ვაპირებ მისვლას. არავისთან კონფლიქტს არ ვადასტურებ, რადგან არ შეიძლება ჩემი დონის ადამიანს, მე როგორადაც ჩემს თავს ვთვლი, ისეთ ადამიანებთან, როგორიც თუნდაც ვანოა ან სხვები, კონფლიქტი მოუვიდეს, რადგან მე კონტაქტი ამ ადამიანებთან არ მქონდა. ისინი ჩემი პიარხელმძღვანელები არ იყვნენ, არც ჩემი ორგანიზაციის პიარხელმძვანელები არასდროს იქნებიან და ვერ იქნებოდნენ და არც წარმომიდგენია, რომ ასეთმა ადამიანებმა ჩემი პიარი აკეთონ”.
პარტია დატოვა ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ საველიძემაც. მიზეზად გარკვეული მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
“ვერ ვხვდები, ასე სერიოზულად რატომ განიხილება ეს თემა, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი შევიდა პარტიაში, თუნდაც მივიდა ყრილობაზე და შემდეგ უამრავი ადამიანი წამოვიდა. უბრალოდ, ჩვენ სცენაზე რომ გამოვჩნდით, ამიტომ მივიქციეთ ყურადღება. ყრილობაზე რომ ვიყავი მისული, ბოლომდე არც მქონია გადაწყვეტილი, რომ ამ პარტიაში ვიქნებოდი, არც რაიმე სერიოზული პოლიტიკური სტატუსი მქონია ამ პარტიაში, რომ ჩემს იქ ყოფნას ან არყოფნას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა პარტიის კეთილდღეობაზე. არ ვთვლი, რომ სერიოზული კომენტარი შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს. რაღაცებთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მათ თავისი აზრი აქვთ და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა “პირველთან” მარიამ საველიძემ.
ჩარკვიანის პარტია დატოვა პარტიის ახალგაზრდული მიმართულების კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, ნათელმხილველ ლელა კაკულიას შვილმა, თამარ პატარაიამ, რის შესახებაც განცხადება საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა:
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები.
სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.
P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას.
დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო.
ჩემ მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!!” – დაწერა თამარ პატარაიამ.
პარტიის გამგეობის წევრმა, ქეთი ენუქიძემ, რომელიც ვატო გელაშვილთან ერთად არის არასამთავრობო ორგანიზაციის – “შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელი, “პირველთან” პარტიაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი მათ რიგებს ტოვებს.
“რატომ მიდის ეს ხალხი – ეს არის ახალი ორგანიზმი ადამიანების, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ზოგს აქვს, ზოგს – არა. არაფერი კატასტროფული არ ხდება. სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა, ზოგს მუშაობის უფრო სხვა ტემპები მოსწონს, ზოგს სხვა ეკონომიკური შეხედულება აქვს. ეს პარტია დაარსდა 10 მარტს. რაღაცების განხილვა შედარებით გვიან მოხდა. ამას გარდა, არის მაგალითად, ასეთი გაუგებრობა, ჩვენ გვაქვს არასამთავრობო “შეაჩერე კორუფცია”. არის საუბარი იმაზე, არასამთავრობოთი უნა დავფიქსირდეთ თუ არა. მე არასამთავრობოს შენარჩუნება მინდა. ჯერ კიდევ განხილვებია, შეიძლება იყოს ვინმე, ვინც იტყვის, რომ არა, პარტიაში უნდა იყოს პიროვნება და ეს არ არის წესდებით გათვალისწინებული. არაფერი კატასტროფული არ ხდება. ვისურვებდი, ცოტა გვიან ყოფილიყო ყრილობა, რომ უკეთ ჩამოვყალიბებულიყავით, რა მოთხოვნები გვქონდა. იქედან ვინც მოდის, არა იმიტომ, რომ აღმოაჩინეს, რაღაც ცუდი ხდება, არაფერი მსგავსი, უბრალოდ ყრილობა უფრო ადრე ჩატარდა, ვიდრე ადამიანები გარკვეულ თემებზე შეთანხმდებოდნენ. ეს თემები იყო ვიღაცებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ვიღაცებისთვის – პირიქით. პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართა და რაღაცების გავლა და გააზრება არ მოხდა,-განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.
“პირველმა” თაკო ჩარკვიანთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.