გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც სრულად აღწერ დანაშაულს სტატისტიკაში ბუნებრივია მატება იქნება-აქვე გეტყვით, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია
„როდესაც სრულად აღწერ დანაშაულს სტატისტიკაში ბუნებრივია მატება იქნება – აქვე გეტყვით, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია“ – ამის შესახებ უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს, სადაც იგი შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას აფასებს.
როგორც გელა ნიკოლაიშვილი გამოცემასთან ამბობს, ყოფილი ხელისუფლების დროს სტატისტიკა სრულად არ ქვეყნდებოდა და არც ობიექტურად მჟღავნდებოდა.
„სტატისტიკა ადრე არ იყო სრულად და ობიექტურად გამჟღავნებული. როდესაც სრულად აღწერს, ბუნებრივია, ეს მოიმატებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ გახსნის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. მე არ ვიტყვი, რომ 80% და 90%-ით უნდა იყოს გახსნა, ეს არანორმალურია, მაგრამ 40% როცაა გახსნის მაჩვენებელი, ეს უკვე კარგ მაჩვენებლად ითვლება. თუ გვესმის, რომ აქ მოხდა მკვლელობა, მოხდა დაყაჩაღება, ორ-სამ დღეში, ან იმავე დღეს, გვესმის, რომ გახსნეს დანაშაული. ვერ ვიტყვით, რომ არაეფექტურად მუშაობენ. თუმცა ხშირად იმაზე მეტად მკაცრები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ“- აცხადებს ნიკოლაიშვილი.
ამავე ინტერვიუში, უფლებადამცველი შს სამინისტროს მიერ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს და ყურადღებას ქუჩურ გარჩევებზე ამახვილებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების მიმართ და, საერთოდ, ყველა დანაშაულის მიმართ გაამკაცრა მუხლები, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზეც.