ბიზნესმენი: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და „თიბისი ბანკი“ სააკაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილები იყვნენ

“მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და „თიბისი ბანკი“ სააკაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილები იყვნენ“, – აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებელი და ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, ანზორ ქოქოლაძე მამუკა ხაზარაძეს და მის ბიზნესპარტნიორებს 10 მილიონი დოლარის „გათეთრებაში“ ამხელს.
ბიზნესმენი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და საზოგადოებას ამცნობს, თუ როგორ მიისაკუთრა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბანკი „კონსტანტა“ .
გარდა ამისა, ანზორ ქოქოლაძე იხსენებს, თუ როგორ წაართვეს ჯემალ ლეონიძეს ბენზინგასამართი სადგურების ქსელი და როგორ გადაეცა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, რომელიც საზოგადოებისთვის „გალფის“ სახელწოდებით არის ცნობილი.
„მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა – ბადრი ჯაფარიძემ, მიხეილ ბენიამინმა, სოსო მგელაძემ, შაულ სილბერშტეინმა, დორი გროსმანმა და ოდეტ შაჰნაიმ ჯერ უკანონოდ დანაშაულებრივი სქემებით მიითვისეს „ელიტ ელექტრონიქსი“ ხოლო შემდეგ, კომპანიიდან ოფშორში გადაქაჩეს და 10 მილიონი დოლარი გაათეთრეს. ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები. მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთები, რომელსაც ვერ უარყოფენ“, – აცხადებს ბიზნესმენი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთან, ბიზნესმენი გამოცემასთან იმ სქემის შესახებაც საუბრობს, თუ როგორ მოხდა „ელიტ ელექტრონიქსის“ მიტაცება.
„მამუკა ხაზარაძემ 2010 წელს, ბიზნესპარტნიორებთან ერთად, ნაციონალური რეჟიმის მხარდაჭერით, უკანონოდ და ფარულად „ელიტ ელექტრონიქსი“ მიიტაცა. 2012 წელს, როცა იგრძნეს, რომ მათი მფარველი „ნაციონალური რეჟიმი“ ცუდად დაამთავრებდა, „თიბისი ბანკმა“ ოფშორულ კომპანია „დაო ინვესტმენტთან“, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების ძალით 10 მილიონი, ანუ „ელიტ ელექტრონიქსის“ ვალდებულება „თიბისი ბანკის“ მიმართ, 1,5 მილიონ დოლარად „დაო ინვესტს“ დაუთმო, ხოლო, თავის მხრივ, „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 მილიონი ოფშორში გადარიცხა, რომლის უკანაც ხაზარაძის პარტნიორები დგანან. ამ სქემით „თიბისი ბანკმა“ 8, 5 მილიონი დოლარი ჩამოწერა, რომელიც ზემოხსენებული ოფშორული კომპანიის მეშვეობით მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მიითვისეს. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა ორი დანაშაული – ოფშორში ფულის „გადაქაჩვა და გათეთრება“. პირველ შემთხვევაში, მთავარი დაზარალებულები მე და „ელიტ ელექტრონიქსის“ შემქმნელი გუნდი ვართ, მეორე შემთხვევაში – 2,150 მილიონი დოლარით დაზარალებული ბიუჯეტი და „თიბისი ბანკის“ დანარჩენი აქციონერები, რომელთაც ხაზარაძემ და კომპანიამ 8,5 მილიონი დოლარი „მოუტეხეს“.
ცხადია, სარგებელი მიიღეს ნაციონალურმა რეჟიმმა, მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა. ჩვენ შემთხვევაში, ნაციონალური რეჟიმი და ხაზარაძე თავის გუნდთან ერთად სინქრონში მოქმედებდნენ და ამას არც მალავდნენ. მათ დაიჯერეს სააკაშვილის სიტყვები, რომ 30 წელი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ამიტომ ბევრი საქმე თეთრი ძაფით კერეს და დანაშაულის შეფერვასაც კი აღარ ცდილობდნენ. მერე, როცა მათდა მოულოდნელად, ნაციონალური რეჟიმი დამარცხდა, უკანა რიცხვებით დაიწყეს საბუთების გაფორმება. მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის რეჟიმის უამრავ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა“, – აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.
მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე ცდილობს „ჩაგრულის მანტია“ მოირგოს.
თუმცა, ანზორ ქოქოლაძე ინტერვიუში იმ ფაქტებს იხსენებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა ბიზნესის „ტერორს“.
„გავიხსენოთ, „კონსტანტა“ ბანკის შემთხვევა. ჯერ დააპატიმრეს „კონსტანტა ბანკის“ დამფუძნებელი, რომელიც ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მიიყვანეს მარჯანიშვილის ქუჩაზე „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში, სადაც საბუთებზე ხელი მოაწერინეს და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს! ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „თიბისი ბანკმა“ – „კონსტანტა ბანკი“ .
გავიხსენოთ თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევა – პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტის სახით, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო!
ანალოგიური შემთხვევა მოხდა, როცა ჯემალ ლეონიძეს ბენზინგასამართ სადგურების ყველაზე დიდი ქსელი „მაგნატი“ უკანონოდ წაართვეს და დავით კეზერაშვილს გადაუფორმეს. დღეს ეს ქსელი ბაზარზე „გალფის“ სახელით ოპერირებს“, – ამბობს ანზორ ქოქოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები