“თუ საპატრიარქო დააყენებს შეწყალების შუამდგომლობას, ვითომ რაღაცის არგასაჯაროების ფასად, დაიწყება მომდევნო დისკრედიტაციული კამპანია”

თუ საპატრიარქო დააყენებს შეწყალების შუამდგომლობას ამ ვითარებაში, ვითომ რაღაცის არგასაჯაროების ფასად, დაიწყება მომდევნო დისკრედიტაციული კამპანია, თითქოს საპატრიარქო ფარულ გარიგებაშია მდუმარების საფასურად, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით გაზეთ “კვირის პალიტრასთან” აცხადებს.
მისი შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი გარკვეულწილად გარემოებების მძევლად იქცა.
“გარკვეულწილად, ეს ოჯახი გარემოებების მძევლად იქცა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე ასეთი აქციის მომხრე არ არის და იოლი წარმოსადგენია, რომ მის გარშემო წარმართული პროცესები მასთან ყოველთვის არც არის შეთანხმებული. ასეთი ფორმით ზიარების მოთხოვნა სრულიად უცხოა ეკლესიისთვის. კარავზე ზიარების მოთხოვნა დღესაც აწერია, თუმცა ორ კვირაზე მეტია გასული, რაც დეკანოზი აზიარეს და ერთ თვეზე მეტია, რაც საპატრიარქომ განაცხადა, რომ ზიარებაზე შეზღუდვა მოხსნილია. კარვის დადგმა ცუდმა მრჩევლებმა ურჩიეს და დღესაც რჩება იმის გამოხატულებად, თუ რაოდენ დიდია სპეკულაციები ამ საკითხზე”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები