ნათია მეზვრიშვილი: კრიმინალური პოლიციის რეფორმა ჩვენი პრიორიტეტია

“გატარდა საპატრულო რეფორმა, ბევრი სხვა რამეც დაიხვეწა, მაგრამ, კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, არაფერი გაკეთებულა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა პრიორიტეტია: “ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. ყველაფერი კარგად ვერ იქნება 40 000-კაციან სისტემაში. ხარისხი, წლების განმავლობაში, პრობლემა იყო. გატარდა საპატრულო რეფორმა, ბევრი სხვა რამეც დაიხვეწა, მაგრამ, კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, არაფერი გაკეთებულა. გამოძიება უფრო ხარისხიანი რომ იყოს, გამომძიებელს, ოპერატიულ მუშაკსა და მართლწესრიგის ოფიცერს შორის ფუნქციები უნდა გავმიჯნოთ. თბილისში ეს უკვე გავაკეთეთ: გამომძიებელი საქმეს იძიებს, ოპერატიული მუშაკი ოპერატიულ საქმეს აკეთებს, მართლწესრიგის ოფიცერი კი პრევენციაზე მუშაობს. კოდექსში ცვლილებები შედის. რეფორმა, ასევე, გულისხმობს გამომძიებლის პასუხისმგებლობისა და ფუნქციების მკვეთრ გამიჯვნას პროკურორის ფუნქციებისგან. დღეს ეს ყველაფერი აღრეულია, პასუხისმგებლობები გაუმიჯნავია და გამომძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლების მოტივაცია არ აქვთ. ახლა ზღვარს შუაში გავავლებთ და ვიტყვით – “ეს არის შენი პასუხისმგებლობა”. ამით გამომძიებლის პასუხისმგებლობის ხარისხი გაიზრდება. როდესაც სასამართლოში მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობენ, ან გამამართლებელი განაჩენი დადგება იმიტომ,რომ გამოძიებისას შეცდომა იქნა დაშვებული, გამომძიებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები