“ჩემი შრომით რომ შევიძენ ბინას, ცოლსაც მოვიყვანო” – რას ჰყვება ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ბებია
რომ მიდიოდა, მითხრა, ბებო ზღვაში რომ გავდივარ, ძალიან მიხარია, მიზანს მივაღწევ, სახლ-კარი არ მაქვს, მაგრამ ავაწყობ ცხოვრებას და შენ და მამიდას ჩემთან წაგიყვანთო, – ამის შესახებ ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დათო რაზმაძის ბებია “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
“რა დავაშავეთ, რატომ დაგვდევს სიკვდილი, ეს რატომ ხდება ჩემს თავს. 23 წლის ვაჟკაცი გვყავდა. დედამისი შორს გათხოვდა, ხშირი კავშირი არ ჰქონიათ, მაგრამ არაფერი დაუკლია. დედამ აუსრულა ოცნება მეზღვაურობაზე, სწავლაში ხელი შეუწყო, მადლობის მეტი რა მეთქმის… რომ მიდიოდა, მითხრა, ბებო ზღვაში რომ გავდივარ, ძალიან მიხარია, მიზანს მივაღწევ, სახლ-კარი არ მაქვს, მაგრამ ავაწყობ ცხოვრებას და შენ და მამიდას ჩემთან წაგიყვანთო… ერთ დღეს მითხრა, შეყვარებული მყავს და მინდა გაგაცნოო. ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო… ჩემი შრომით რომ შევიძენ ბინას, ცოლსაც მოვიყვანო. არ დასცალდა არაფერი. რატომ მომიკლეს?!. სექტემბერში დაიწყო მუშაობა. დამირეკა, ზღვაში მივდივარ და თავს მიხედეო. ფრთხილად იყავი-მეთქი. ბებო, ჩემი ნატვრა ასრულებულია, უკვე მეზღვაური ვარ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები… 20 იანვარს ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი და სიმწრისგან თავში ვირტყი ხელები, მერე კარი ჩავკეტე, არავინ გაიგოს ჩემი გოდება, იქნებ ჩემი დათო ცოცხალია მეთქი… ორი შვილი და რძალი მიწას მივაბარე და ახლა კიდევ შვილიშვილი…”, – ამბობს დათო რაზმაძის ბებია.
დათო რაზმაძის დედა ნინო ცეცხლაძე აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.
“ჩემი შვილი მოკლულია! ამას ყველაზე მეტად დედის გული გრძნობს. ამ გლოვის წუთებში ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ დათო ცოცხალი აღარ მყავს”, – აღნიშნავს გარდაცვლილის დედა.
ქართველი მეზღვაური, 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. მისი ცხედარი 21 იანვარს სანაპირო წყლებში იპოვეს.
დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია. ფოტომ, რომელზეც ზაზა რაზმაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ ძმას, ზვიადს გლოვობს, მსოფლიო მოიარა. დაბომბვისას ზვიად რაზმაძის 9 თვის ორსული მეუღლეც დაიღუპა.
თავად ზაზა რაზმაძე, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.