“იმ საბედისწერო დღეს, ქეიფი ჰქონიათ გადაწყვეტილი მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში” – დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალები

კორპუსში, ძირითადად, ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი ოჯახები ცხოვრობენ, მათ შორის უმეტესობა მშენებელია. იმასაც ამბობენ, რომ მშენებლებმა ეს ბინა, ფაქტობრივად, თავისთვის აიშენეს, ამიტომ ყველა დეტალს, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა” დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ირკვევა საბედისწერო დღეს, მეზობლები ქეიფს ერთ-ერთ ბინაში, მეხუთე სართულზე აპირებდნენ, მაგრამ ისეთი მძაფრი გაზის სუნი იდგა, რომ სახლში ვერ გაჩერდნენ.
“სპეციალისტების მსგავსად, მობინადრე­ებსაც აეჭვებთ აფეთქების ძალა, რომელმაც ლიფტის შახტაში მე-9 სართულზე გაჩერებული კაბინა მოგლიჯა. ლევან დავლაძე, რომლის ცხედარიც აფეთქების შემდეგ მაშველებმა კორპუსის ეზოში იპოვეს, იმ საღამოს მეგობრის ბინაში ავიდა. ბინის პატრონი შინ დილიდან არ იმყოფებოდა და იმ საღამოს დავლაძესთან ერთად ქუთაისში აპირებდა გამგზავრებას. წასვლამდე ლევანისთვის უთხოვია, მის ბინაში ასულიყო და ენახა, გამორთული იყო თუ არა ენერგიის ყველა წყარო. ლევანს ბინის პატრონი ქვემოთ, მანქანაში ელოდებოდა. ლიფტში დავლაძეს მეზობელი მამაკაცი დაემგზავრა. დავლაძე მეექვსე სართულზე გამოვიდა ლიფტიდან, ხოლო მისმა თანამგზავრმა, როგორც კი მეცხრე სართულზე ლიფტი დატოვა, შახტაში მომხდარმა აფეთქებამ კაბინა მთლიანად მოწყვიტა. მობინადრეებს ეს უჩენს ეჭვს, რომ თუ აფეთქების კერა დავლაძის მეგობრის ბინა იყო, რომელიც მეექვსე სართულზეა, რატომ მოწყდა ლიფტის კაბინა, რომელიც იმ დროს მეცხრე სართულზე იყო გაჩერებული. ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა აფეთქება ლიფტის შახტაშიც მომხდარიყო, ანუ აფეთქების ორი კერა არსებობდა…(?!) ამ კორპუსში, ძირითადად, ერთმანეთის ნათესავი და მეგობარი ოჯახები ცხოვრობენ, მათ შორის უმეტესობა მშენებელია. იმასაც ამბობენ, რომ მშენებლებმა ეს ბინა, ფაქტობრივად, თავისთვის აიშენეს, ამიტომ ყველა დეტალს, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ. იმ საბედისწერო დღეს ქეიფი ჰქონიათ გადაწყვეტილი მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში, მაგრამ ისეთი მძაფრი გაზის სუნი იდგა, რომ სახლში ვერ გაჩერდნენ. არადა, მანამდე მეზობლებს ერთხელ უკვე გამოუძახებიათ “ყაზტრანსგაზის” შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. მობინადრეების, თვითმხილველების თქმით, მათ ვერაფერი შეუნიშნავთ საეჭვო და წასულან. მეორედ “ყაზტრანსგაზში” თავად იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა დარეკა. მობინადრეების თქმით, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა მეორე ჯერზეც ძალიან ზედაპირულად დაათვალიერეს საცხოვრებელი კორპუსი, მეცხრე სართულზე ასვლაც დაეზარათ და ამის გამო შეკამათებაც კი მოუვიდათ მობინადრეებთან. საღამოს კი მეზობლები მეხუთე სართულზე ოჯახში მიუსხდნენ თუ არა სუფრას, აფეთქების ხმაც გაისმა”,- წერს “კვირის პალიტრა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები