რატომ გაიზარდა ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი

საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით,  „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით რეგისტრირებული საქმეების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 170 პროცენტით გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 562 საქმე იყო აღძრული, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეს მაჩვენებელი 1518-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობების რიცხვი 956 ერთეულით არის გაზრდილი.

შესაძლებელია, ამ მონაცემებში იგულისხმებოდეს ბუნებრივი გარდაცვალების შემთხვევებიც, რაზეც შსს-მ გამოძიება, ასევე, 115-ე მუხლით დაიწყო და შემდგომ თვითმკვლელობა არ დადასტურდა, თუმცა ფაქტია, რომ გამოძიებას ასეთივე მიდგომა ჰქონდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც, როდესაც 562 თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე დარეგისტრირდა. აშკარაა, რომ სტატისტიკა საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს, იქნება ეს სოციალური ფონი, ძალადობრივი გარემო, ბულინგი თუ აგრესიული გარემო.

თვითმკვლელობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც თბილისის ზღვაზე 24 წლის ახალგაზრდა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან სიცოცხლე ზღვაში დახრჩობით დაასრულა. გამოძიება ამ შემთხვევაშიც, ცხადია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ქეთევან თავართქილაძე, ფსიქოლოგი:

– საერთოდ თვითმკვლელობა არის ფსიქოლოგიური კრიზისი. ეს არ გახლავთ ერთჯერადი  აქტი, ეს არის პროცესი, რა დროსაც ადამიანი განიცდის განგრძობად სტრესს და კრიზისის დაძლევის უნარს თანდათან კარგავს. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემები შესაძლოა, გაცილებით ადრე დაიწყოს, ვიდრე უშუალოდ სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. როდესაც ეს კრიზისი პიკს აღწევს, შედეგიც ასეთი დგება.

– მიზეზებზეც რომ ვისაუბროთ…

– ერთ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი რთულია. სოციალური ფაქტორები, იქნება ეს სიღარიბე, უმუშევრობა, არასტაბილურობა, მაღალი ფასები და შესაბამისად, ბევრ რამეზე ხელმისაწვდომობის არარსებობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, შეიძლება ამის მიზეზი იყო ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ასევე, ოჯახების დანგრევა, არაჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში… ამ ყველაფერს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში პირისპირ აწყდება, ასევე, ის ამ ნეგატიურ ინფორმაციას იღებს გარშემომყოფებისგან, რაც თავისთავად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. აქვე გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგჯერ ადამიანები საკუთარ დაავადებას ვერ ერევიან, მხედველობაში მაქვს სომატური დაავადებები, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ აშლილობებზე. ამ მხრივ, სერვისი თითქმის არ არსებობს, ან თუ არსებობს, ისეთი ფასი აქვს, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თვითმკვლელობებთან ძალიან მიბმულია დეპრესია, რომლის დაძლევაში შესაძლოა ადამიანს ფსიქიატრი, ან ფსიქოლოგი დაეხმაროს, მაგრამ აქ უკვე მუშაობს სტიგმა. ალბათ, გსმენიათ ასეთი ფრაზა: „რა მინდა ფსიქიატრთან, გიჟი ხომ არ ვარ“.  როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, აქედან რამდენია მოზარდთა თვითმკვლელობა. ეჭვი მაქვს, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდთა თვითმკვლელობებს უკავშირდება.

– სტატისტიკაში ეს ცალკე არ არის გამოყოფილი, თუმცა საინტერესოა, რაიმე განსხვავებული მახასიათებელი აქვს მოზარდთა თვითმკვლელობებს?

– დიახ, მოზარდთა თვითმკვლელობას კიდევ თავისი სპეციფიკურობა აქვს. ასეთ შემთხვევაში დამატებით სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ რეალურად მოზარდები ვერ აცნობიერებენ  სიკვდილს. ხშირად მოზარდები სუიციდს შურისძიების მიზნით მიმართავენ, რადგან შეიძლება ვიღაცამ გული ატკინა. მათ არ აქვთ ბოლომდე გათვიცნობიერებული, რომ ამ ქმედებით მათი სიცოცხლე მთავრდება. ზოგიერთ მათგანს ჰგონია, რომ თვითმკვლელობა არის პრობლემის მოგვარების გზა. ასეთი აზროვნების ჩამოყალიბებისკენ მოზარდს შესაძლოა, გარშემომყოფებმაც უბიძგონ, ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აკისრია მედიასაც. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამა თუ იმ ადამიანის თვითმკვლელობა წარმოჩინდეს, როგორც გმირული და რომანტიკული აქტი. ეს დაუშვებელია. დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება. ამ შემთხვევაში შესაძლოა, ბავშვმა თვითმკვლელობაში დაინახოს არამხოლოდ პრობლემის გადაჭრის გზა, არამედ ჩათვალოს, რომ ეს არის მისაღები და გმირული საქციელიც კი. როდესაც ადამიანი იკლავს თავს, სოციალურ ქსელებში ხშირად შემხვედრია, მიმტევებლური დამოკიდებულება, თითქოს მას სხვა გზა არ ჰქონდა, ან თითქოს ამით რაიმე პრობლემა მოაგვარა. ანუ ხდება თვითმკვლელობის უნებლიე რომანტიზება. ასეთ დროს შეფასებებში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. მედიასაშუალებებიც ასეთ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აშუქებდნენ. აზრი, რომ თვითმკვლელობით შესაძლოა, ყველა პრობლემას დაუსვა წერტილი და შესაბამისად, ეს დადებითიც შეიძლება იყოს, ცალსახად დასაგმობია. ამის პოპულარიზაცია კატეგორიულად არ შეიძლება. მოზარდიც და ზრდასრულიც თვითმკვლელობამდე გარკვეულ სიგნალებს იძლევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას გარშემომყოფები, მათ შორის ოჯახის წევრებიც ვერ ამჩნევენ. ამიტომ საჭიროა, ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო ყურადღებიანები გავხდეთ. დავინტერესდეთ ერთმანეთის პრობლემებით, რა გვაწუხებს, რა გვტკივა…

– აგრესიული და ძალადობრივი გარემო, რამდენად არის მაპროვოცირებელი ფაქტორი?

– ძალიან ხშირია, როდესაც ძალადობა სრულდება თვითმკვლელობით. ზოგადად, თვითმკვლელობა არის ერთ-ერთი შედეგი ძალადობის, განსაკუთრებით კი გაუმხელელი ძალადობის, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო მსხვერპლი ვერ ბედავს ხმამაღლა საუბარს ძალადობაზე, ან თქვა და არ დაუჯერეს. და როდესაც უკვე გამოსავალს ვეღარ ხედავს, ის მზად არის, გადადგას ეს ნაბიჯი. ეს ეხება განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობას, ასეთ დროს სრულწლოვანიც და არასრულწლოვანიც თანაბრად ჩაკეტილია და არ სურთ ამაზე საუბარი. რაც შეეხება, ზოგადად, ძალადობრივ გარემოს, გვინდა-არ გვინდა, ეს ჩვენზე მოქმედებს და როგორც მინიმუმ, აგრესიული ფონი გავლენას ახდენს ქვეცნობიერზე.

– თქვენ ისაუბრეთ გამომწვევ მიზეზებზე, იქნება ეს სოციალური ფონი, ძალადობრივი გარემო თუ სხვ… ამ მიზეზებით, როდესაც სახეზე გვაქვს თვითმკვლელობების 170-პროცენტიანი ზრდა, არის თუ არა ეს დიაგნოზი?

– რაკიღა სტატისტიკა ამას აჩვენებს, ცხადია, ეს არის დიაგნოზი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს ქრონიკული დიაგნოზი. ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ისე მთლიანად საზოგადოებას, კონკრეტულ ინდივიდებს. აუცილებელია სიტუაციის კარდინალური ცვლილება სოციალური მიმართულებით, ფსიქოლოგიური მიმართულებით. ასევე, აუცილებელია, რომ მცდარი სტერეოტიპებისგან გავთავისუფლდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში ამ კომპონენტის გათვალისწინება. ბავშვებს სუიციდისადმი სწორი დამოკიდებულება სკოლიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეთ – ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, რომ თვითმკვლელობა არ არის არც გამოსავალი და მით უმეტეს, არც გმირობა. მათ უნდა იცოდნენ, თვითმკვლელობით გმირად ვერავინ იქცევა. მოზარდებს უნდა ვასწავლოთ პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზები, უნდა გავაძლიეროთ დადებითი კომუნიკაციის უნარები. თავს ვინც იკლავს, ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე „გიჟად“, „არანორმალურად“ და მსგავსი ეპითეტებით. ასეთი დამოკიდებულება არასწორია, რადგან პიროვნება კი არ გახლავთ არანორმალური, მის გარშემო სიტუაციაა არანორმალური. ამიტომ, სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა მივმართოთ ძალისხმევა. თუ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ცხადია, მას შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს, რაც თავისთავად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ ყველა, ვინც თავს იკლავს, არ შეიძლება არანორმალურად გამოვაცხადოთ და მთელი პასუხისმგებლობა ისევ გარდაცვლილს ავკიდოთ. როდესაც ადამიანი ვერ ნახულობს გამოსავალს და დახმარებას ვერვისგან იღებს, ლოგიკურად სხვა გამოსავალი არ რჩება.

– რა მოხდა ამ ერთ წელში ისეთი, რომ ასეთი რადიკალური ზრდა ფიქსირდება?

– რთული ასახსნელია. წესით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რაღაც სოციალური აფეთქების მსგავსი, რომ ასეთი ზრდა დაფიქსირებულიყო. შეიძლება ეს პრობლემები დაგროვდა და ახლა იფეთქა მასობრივად. სხვა ახსნა რთულია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტში სხვადასხვა თამაშები ბოლო პერიოდში ძალიან მოდური გახდა მოზარდებში, რაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება გავლენას ახდენდეს მოზარდის ფსიქიკაზე. მიზეზი არის ისიც, რომ თვითონ ოჯახში ემოციური კავშირის დეფიციტია და ამან თავისი შედეგი მოიტანა.

 

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები