სააკაშვილი პარტიაში გავლენებს კარგავს

“სააკაშვილი პარტიაში გავლენებს კარგავს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “გაზეთი “პრაიმტაიმი”.

“ალეკო ელისაშვილს ერთხელ უკვე გამოუვიდა, ის, რაც ვერ შეძლო „ევროპულმა საქართველომ“. მართალია, მასშტაბები განსხვავებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას შედეგი ახსოვს. შედეგი კი ასეთია: 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დაამარცხა. ზაალ უდუმაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. ეს თბილისში. საქართველოს მასშტაბით “ნაციონალების” ჩასანაცვლებლად ევროპელები ემზადებოდნენ, თითქოს შანსებიც ჰქონდათ – ვანი-ხონის შუალედური არჩევნები ისე მოიგეს, რომ წაგების პერსპექტივით შეშინებულმა ნაციონალებმა იქ საკუთარი კანდიდატიც კი არ დააყენეს”,- წერს გამოცემა.

თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის მარცხის შემდეგ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა მხარი ღიად დაუჭირეს გრიგოლ ვაშაძეს და შედეგები აჩვენებს, რომ პირველ ტურში დავით ბაქრაძის მომხრეებმა თითქმის უდანაკარგოდ მისცეს ხმა მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, სააკაშვილის პარტიაში მაინც დარწმუნებულნი არიან, რომ უგულავა-ბოკერია სახელისუფლებო პროექტი იყო, როგორიც თავის დროზე სააკაშვილს ჰყავდა ქდმ-ს სახით.

და თუმცა გიგი უგულავამ უკვე თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ მესამე ძალაა, ძნელი წარმოსადგენია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის კონკურენტუნარიან ძალად ჩამოყალიბდეს. ისინი გადარჩენის პრობლემის წინაშე დგანან. ამ სეგმენტზე კი კონკურენცია ძალიან დიდია.

ახლახან ალეკო ელისაშვილმაც განაცხადა, რომ ის სამოქალაქო მოძრაობას იწყებს. განცხადება მან საინტერესო დროს გააკეთა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, შეიძლება ისიც გასაგები იყოს, რატომ გახდა საჭირო მოძრაობის 16 დეკემბრამდე გამოჩენა.

თექვსმეტში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ჯერ ვერა და ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ. შიგადაშიგ რადიკალური შეძახილები ისმის.

ერთი მხრივ, ეს გრიგოლ ვაშაძის ბრალიც არის, ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებს, რა გასაკვირია, რომ ეს რადიკალიზაციისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. ამიტომაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის მომხრეებში, როგორც ჩანს, ფანტაზია შიგადაშიგ ფანტასტიკურ მასშტაბებსაც კი იღებს.

არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთმა ასეთმა გიჟურმა იდეამ “ნაციონალების” დახურულ „ჩათში“ გაიჟღერა. ვიღაცამ 16 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად კურთხევის ინიციატივა წამოაყენა. ოპოზიციას, თავის მომხრეებთან ერთად, გრიგოლ ვაშაძე უნდა ეღიარებინა პრეზიდენტად.

ამ იდეის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” დაწერა:

„ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, პირადად მე, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“.

ისე ჩანს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარ იმიჯსა და რევოლუციას შორის. ან რადიკალიზაციის გზას უნდა დაადგეს და ეს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია, ან ჩამოყალიბდეს უკვე სოლიდურ და ყველაზე დიდ პოლიტიკურ ძალად.

სწორედ ამ სიგიჟეებისა და პირადად სააკაშვილის რეაქციული პოზიციების ფონზე გამოვიდა ასპარეზზე ალეკო ელისაშვილი:

„ეს ქვეყანა იხლიჩება 2 პოლიტიკური ძალის დაპირისპირებას შორის. ერთმანეთის სიძულვილით ერთმანეთს კვებავენ, ხოლო ხალხის პრობლემები ყველას დაავიწყდა. ჩვენი მიზანია, ხალხის ენერგია გავაერთიანოთ, შევქმნათ ალტერნატივა და ხალხმა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე. თითოეული მოქალაქე ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე… ყველა მეკითხება, რომ იქნება თუ არა ეს მოძრაობა მესამე ძალა. ამ ეტაპზე მივიღეთ ევროკავშირის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, რის შედეგადაც რეგიონში რამდენიმე წარმომადგენლობა გაიხსნება. არც ადრე გამოვრიცხავდი და არც ახლა გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე დავრწმუნდეთ, რომ იმდენად ძლიერი პლატფორმა შევქმენით, რომ ეს გარდაიქმნას პოლიტიკურ ორგანიზაციად. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკაში ჩართვის შესახებ, არ ვაპირებთ პოლიტიკაში ტივტივს ან მაჩანჩალობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რა გამოვა ელისაშვილისგან, ძნელი სათქმელია, თუმცა, ის შეიძლება გახდეს ნაციონალების მუხრუჭი. ერთხელ, 2017 წლის არჩევნებზე სააკაშვილის პარტიის ამბიციები მან თბილისში დაამუხრუჭა. როგორც ჩანს, ამ როლისთვის უკვე მეორედ არის მზად. და ტრადიციულად ნაციონალები ამბობენ, რომ ელისაშვილი ხელისუფლების ახალი პროექტია, რომელმაც უნდა გააკეთოს ის, რაც ვერ შეძლო უგულავა-ბოკერიას პარტიამ.

ეჭვები ეჭვებად, თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალებშიც და გაერთიანებულ ოპოზიციაში მთლიანად, რადიკალიზმს არ მიესალმებიან. რევოლუციონერი იქ მხოლოდ სააკაშვილია, რომელიც არ არის საქართველოში, არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და რეალობასაც მოწყვეტილია.

პარტიაში მიშას პოზიციების გამზიარებლები ცოტანი დარჩნენ. გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი უკვე ის ახალი თაობაა, რომელიც არჩევანს სახელმწიფო ინტერესსა და სააკაშვილის რევოლუციურ განწყობას შორის პირველის სასარგებლოდ აკეთებს.

სააკაშვილის გუნდის წევრების რადიკალიზმს კი ნაციონალების ახალ თაობაში გავლენები აღარ აქვთ, ამიტომაც ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. უფრო მეტი ილუსტრაციისთვის გიორგი არველაძის ფეისბუკპოსტს მოვიყვან:

„საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი, უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი… ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით“, – ვკითხულობთ არველაძის ფეისბუკგვერდზე. ახალგაზრდებზე გალაშქრება, როგორც ჩანს, არველაძემ სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ რევოლუციური იდეები არ გაიზიარეს.

ერთსა და იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა და გიორგი არველაძემ ერთმანეთისადმი  რადიკალურად განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს. საით გადაიწონება პარტია? ნაციონალების პარტნიორ პარტიებს ეჭვები აღარ აქვთ – ინაუგურაციაზე ისინი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. აქცია აუცილებლად ჩატარდება თბილისში ან შესაძლოა, თელავშიც. თუმცა, ეს იქნება მხოლოდ საპროტესტო ხმა, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად უნდა ისმოდეს და არა ღონისძიება, რომელიც აგრესიაში გადაიზრდება.

ოპოზიციის ახალი დღის წესრიგი ცნობილია – საარჩევნო კოდექსის შეცვლა, სამართლიანი არჩევნები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

რა თქმა უნდა, მოთხოვნები ნაციონალების სტილშია, კონსტრუქციული იდეების გვერდით რადიკალური მოთხოვნებიც ისმის. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, რადიკალური ელექტორატის შენარჩუნების ტაქტიკა ასე მოითხოვს.

სწორედ ეს საკითხები იქნება მომავალ წელს ოპოზიციის მთავარი მამოძრავებელიც. და ახლა აქ მთავარი ის კი არ არის, გაითვალისწინებს ამ მოთხოვნებს ხელისუფლება თუ არა, მთავარი ნაციონალებისთვის გახლავთ ის, რომ დღის წესრიგი მათ დაადგინონ, განსაზღვრონ და შემდეგ პროცესიც წაიყვანონ.

ისინი, ვინც სააკაშვილის გეგმების შესახებ კარგად იციან, ამბობენ, რომ რეალურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიშას არ აწყობს, რადგანაც ის 2020 არჩევნებში მაინც ფიქრობს ვარდების რევოლუციის სცენარის გათამაშებას. მაშინ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, მაჟორიტარულებში კი – არა. ანუ ნახევარი პარლამენტი დაითხოვეს და ნახევარს ლეგიტიმაცია შეუნარჩუნეს. ეს ნახევარი სწორედ მაჟორიტარები იყვნენ რომლებმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე პარლამენტში სააკაშვილს დაუჭირეს მხარი.

ვნახოთ, ციფრებში რას ნიშნავს მაჟორიტარები.

1995 წელს „მოქალაქეთა კავშირმა“ ხმების 23% აიღეს, თუმცა, მაჟორიტარების წყალობით მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნეს, ისევე როგორც 2003 წელს სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“. „ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 48% მიიღო, თუმცა, მაჟორიტარების დამატების შემდეგ მისი პროცენტული მაჩვენებელი 80-მდე გაიზარდა. სწორედ ამის შეცვლა სურთ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, რომ პარტიამ პარლამენტში იმდენი ადგილი უნდა მიიღოს, რამდენ პროცენტსაც აიღებს არჩევნებში, არც მეტი, არც ნაკლები, დარჩენილი ხმები კი თანაბრად გადანაწილდეს ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე.

თუმცა, ხელისუფლებას ორჯერ ჰქონდა სისტემის შეცვლის მცდელობა. ერთხელ დავით უსუფაშვილის დროს, მეორედ ახლა, როცა ირაკლი კობახიძე მუშაობდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ არც მაშინ და არც ახლა პროპორციულ სისტემას არ დასთანხმდა.

ახლა მათ თავად წამოაყენეს ეს ინიციატივა, თუმცა, კარგად იციან, რომ მისი გატანა საკმაოდ რთული იქნება. ინაუგურაციის შემდეგ კონსტიტუციის სწორედ ის ახალი რედაქცია შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას რომ მხარი დაეჭირა, 2020 წელს უკვე პროპორციული არჩევნები გაიმართებოდა, თუმცა, „ოცნებას“ მაჟორიტარებთან მოუწია გარიგება და ამიტომაც პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა მხოლოდ 2024 წელს გადავა. ახალი რედაქციის მიხედვით კი, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულდა. აქამდე თუ მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი ცვლიდა კონსტიტუციას, ახლა მას ორი მოწვევის პარლამენტი სჭირდება. მართალია, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ცვლილებას მხოლოდ 2/3 დაუჭერს მხარს და არა ¾. სამ მეოთხედს ამ პარლამენტში ოპოზიცია ვერ მოაგროვებს, მაჟორიტარები მას მხარს არ დაუჭერენ და მხოლოდ პარტიების ხმები გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის.

შესაბამისად, 2020 წლის არჩევნები დიდი შანსია, ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს. ისევე როგორც გამორიცხულია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც.

ასე რომ, “ნაციონალები” დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ქუჩის მოთხოვნებში მათ ბადალი არ ჰყავთ, ვითარების გამწვავებაც იციან და 90-იანი წლების პოლიტიკურ უნარებსაც ყველაზე უკეთ ფლობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის რევოლუციური პარტიაა, მაგრამ რამდენად შეძლებს მშვიდობის დროს იმიჯისა და გავლენების შენარჩუნებას, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

ასე რომ, ომის შემდეგ მშვიდობა არა მხოლოდ ნაციონალების მთავარი გამოწვევაა, არამედ ნაცებისაც და სხვებისაც, ვისაც დღეს მესამე ძალად ჩამოყალიბების სურვილი აქვს. ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური პროცესი გაზაფხულიდან მაქსიმალურად გამოცოცხლდება. მანამდე კი ახალი წელი და შობაა… ჩვენში კი პოლიტიკა თითქმის სეზონურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქართული პოლიტიკის დაბალ განვითარებაზე.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები