მენინგიტის შემთხვევები 70-მდე გაიზარდა – დაავადებულთა უმრავლესობა ბავშვია
2014 წლიდან დღემდე, ხუთ თვეში ენტერო-ვირუსული მენინგიტის 70 შემთხვევა დაფიქსირდა. დავირუსებულთა უმრავლესობა ბავშვია. ამის შესახებ „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაავადებულთა შორის ყველაზე უფროსი 26 წლის ახალგაზრდაა. ამჟამად, მკურნალობას საავადმყოფოში დაახლოებით 5-6 მოზარდი გადის.
„ამჟამად ენტერო-ვირუსული მენინგიტის 70 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი ძირითადად ბავშვებში გამოვლინდა. საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა მსუბუქია. ზოგადად, ენტერო-ვირუსულ მენინგიტებს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ვირუსული დაავადების თავიდან აცილების მთავარი პირობაა, რომ ჰიგიენური ნორმები დავიცვათ. იმნაძის განმარტებით, ენტერო-ვირუსული ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული ხელებიდან გადადის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელი მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები ხელის ხშირად დაბანას მიაჩვიონ.
„ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. ეს არის მთავარი, რადგან ენტერო-ვირუსული ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით, ანუ დაბინძურებული ხელებიდან გადადის. აქედან გამომდინარე, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ჰიგიენური ნორმების დაცვა და შევუქმნათ პირობები იმისთვის, რომ პირად ჰიგიენას ყურადღება დაუთმონ. მცირეწლოვანი, რომელიც მიჩვეულია ჰიგიენური წესების დაცვას და საპირფარეშოდან გამოსვლისას, ან ჭამის წინ ხელებს იბანს, მას მენინგიტის ვირუსი არ გადაედება. შესაძლოა, ინფექცია დედასაც შეხვდეს, თუკი ის ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლის შემდეგ ხელს არ დაიბანს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, ენტერო-ვირუსულ ინფექციას ციკლურობა ახასიათებს და მენინგიტის შემთხვევები 4 წელიწადში ერთხელ მატულობს.
„დაავადებამ 2006 წლის შემდეგ, 2010 წელს იმატა, როდესაც დაახლოებით 300 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვეულებრივ წლებში, საშუალოდ 150-170 შემთხვევა ვლინდება. წელს ჯერჯერობით მენინგიტის 70 შემთხვევა გვაქვს. მატების პერიოდის თავისებურება ყველა დაავადებისთვის დამახასიათებელია“, – განმარტავს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს მენინგიტის პირველი კერა თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში გამოვლინდა.