ნინო ლაცაბიძე – ოპოზიციაზე: ჰქონდათ შესაძლებლობა, ქალაქის განვითარებაში მიეღოთ მონაწილეობა, სამწუხაროდ, ჩვენ ერთი ხელით გვიწევდა საქმის კეთება, მეორე ხელით კი ოპოზიციურ პარტიებთან ძალიან რთული პროცესი გვქონდა

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე ახლოს მოსახლეობასთან არის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა, ვინც ყველაზე კარგად გრძნობს, რა საჭიროებებია დღეს მოსახლეობაში, რა გამოწვევები გვაქვს და როგორ შეიძლება ეს დავძლიოთ. სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რუსთავის მოქმედმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატს არჩევნებში წარმატებები უსურვა. ასევე, ისაუბრა ოთხი წლის განმავლობაში რუსთავში ოპოზიციის მხრიდან მომდინარე რთულ პროცესებზე.

„როდესაც ახლა ალბათ, ამ არჩევნებზე ადამიანები არჩევანს გააკეთებენ, შეიძლება რუსთავი გაახსენდეთ და მოიყვანონ კარგ მაგალითად, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია საკრებულოში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. ანუ, რუსთაველების გარკვეულმა ჯგუფმა, ოპოზიციურ პარტიებს უთხრა, რომ თქვენი შესაძლებლობები გვანახეთ და იქნებ, ქალაქის განვითარებაში თქვენც მიიღოთ მონაწილეობა. ოთხი წელი ისე გავიდა, რომ მერიის გუნდს ხელშეშლის გარდა, მათი მხრიდან არაფერი მიგვიღია. როდესაც დღეს საუბრობენ რაღაც საკითხებზე, მიიღონ თუ არა მონაწილეობა, გარკვეული ამბავი აქვთ ატეხილი, კარგი მაგალითია რუსთავი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ქალაქის განვითარებაში მიეღოთ მონაწილეობა, სამწუხაროდ, ჩვენ, ჩემს გუნდთან ერთად, ერთი ხელით გვიწევდა საქმის კეთება. მეორე ხელით კი ამ ოპოზიციურ პარტიებთან ძალიან რთული პროცესი გვქონდა“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები