„ჯეო ჰოსპიტალსი“ პაციენტ ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 21 აგვისტოს კლინიკაში შემოყვანილ პაციენტთან, ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კლინიკის განმარტებით, მოზარდის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დედას პირველივე დღიდან 24 სთ-ის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ექიმი-რეანიმატოლოგებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის შესახებ.
„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც შესაბამის მიდგომას საჭიროებს. ამიტომ, პაციენტის ინტერესების, მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, დღემდე თავს ვიკავებდით დამატებით რაიმე სახის განცხადების გავრცელებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვრცელდება ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია.
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და არის პაციენტის ჯანმრთელობა. კლინიკაში შემოყვანის დღიდან ამ დრომდე ყველაფერი კეთდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, მოზარდის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დედას პირველივე დღიდან 24 სთ-ის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ექიმი-რეანიმატოლოგებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის შესახებ. ამისთვის გამოყოფილია სპეციალური სატელეფონო ნომერი. გარდა ამისა, დედას და ოჯახის წევრებს აქვთ პაციენტთან ყოფნის შესაძლებლობა მათი სურვილის შემთხვევაში. ასევე კლინიკის ინიციატივით ოჯახისთვის ხელმისაწვდომია პაციენტის მდგომარეობის თაობაზე შემაჯამებელი შეხვედრა. შეთავაზება გულისხმობს ყოველდღიურად 10:00 სთ და 17:00 სთ ოჯახის წევრებსა და ექიმებს შორის კონსოლიდირებული შეხვედრის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება პაციენტთან დაკავშირებით სრული სამედიცინო პროცესი.
პაციენტის მდგომარეობა და დაავადების ხასიათი მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით მოეწყო კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა დარგობრივმა ექსპერტებმა: რეანიმატოლოგებმა – ვახტანგ კალოიანმა, ლევან რატიანმა, ალეკო გოხელაშვილმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ, კახა გზობავამ, ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ, ნევროლოგმა ია რუხაძემ, ფთიზიატრმა ლია ტრაპაიძემ, პულმონოლოგმა ელენე ხურციძემ, ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რისთვისაც მათ ვუხდით უდიდეს მადლობას. ჩვენს ექიმებთან ერთად კონსილიუმმა იმსჯელა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მკურნალობის გზებზე. კონსილიუმი სრული შემადგენლობით ადასტურებს, რომ პროცესები კლინიკის მხრიდან სწორად არის მართული და იზიარებს სამომავლო სამოქმედო გეგმის სტრატეგიას.
ამ მომენტისთვის დაავადების მართვის ყველა საშუალება კლინიკაში ხელმისაწვდომია. სამომავლოდ, შესაძლო გართულებების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, სამინისტროს დახმარებით, მობილიზებულია არამარტო ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი, რაც დაგვეხმარება მოსალოდნელი რისკების გადაზღვევაში.
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ოჯახთან და იზრუნებს მთავარი მიზნის – პაციენტის გამოჯანმრთელების მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.