„უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

   უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სამინისტრო სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ დაწყებული პროექტები სწორედ საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ მოდელებთან დაახლოებას უწყობს ხელს.
“ასეთი პროგრამები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში და ჩამოაყალიბონ პროფესიული ქსელი. მე ძალიან მახარებს, რომ ზაფხულისა და ზამთრის სკოლებში მონაწილეობით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარები და ასევე გაეცნოთ სხვადასხვა დარგში არსებულ უცხო ქვეყნების გამოცდილებას.
ამასთან ერთად ,დაამყაროთ საჭირო კონტაქტები მომავალი თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ხელს შეუწყობს თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას. ეს პროექტი რეგიონალურ თანამშრომლობას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასა და ახალგაზრდების დაახლოებას ითვალისწინებს, და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ პროგრამას შარშან ჩაუყარა საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება, და ამ და სხვა საინტერესო პროგრამებით ხელი შეეწყობა განათლების ხარისხის ამაღლებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “შერატონ მეტეხი პალასში” კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, პრემიერის შეფასებით, ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე.
“ამ პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით კი მათ ხელმძღვანელებს – რექტორებს, რადგან სწორედ ისინი უნდა იყვნენ სტუდენტებისთვის სასარგებლო პროექტების ინიციატორი და გარანტია იმისა, რომ მათ ხარიხიანი განათლება მიიღონ. ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე.
როგორც იცით, 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, და ამით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე გახდება საერთო-ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. სწორედ ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გავმართეთ და რომელიც დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში. ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ მათ განვითარებისთვის და ცოდნის რეალიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ გაიზიარებთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის შენებას სჭირდება. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი! წარმატებებს გისურვებთ ყველას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები