“აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები ხორვატიას გულშემატკივრობენ – “გვეამაყება, რომ ფორმები ჩვენმა კომპანიამ დაამზადა”
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ხორვატიის ნაკრების გარდა, ბობოყვათში შეკერილი სპორტული სამოსით შვეიცარიის ნაკრებიც წარსდგა. თუმცა, ხორვატიისგან განსხვავებით, შვეიცარია ჩემპონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
როგორც „კვირას“ შპს „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა, იგი ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებს გულშემატკივრობს და მათი წარმატებები, როგორც ყველა ქართველს, მასაც ახარებს.
მისი თქმით, საწარმოს ხორვატიის ნაკრების სპორტული ფორმები შარშან სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის ბრენდმა „ნაიკმა“ შეუკვეთა.
საქართველოში, მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის გუნდის სპორტული სამოსის წარმომავლობამ „Made in Georgia” – დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია, სწორედ ამის გამო, „კვირა“ შპს „აჭარა ტექტილის“ ფინანსურ დირექტორს გია ლომინაძეს დაუკავშირდა და მკითხველს ექსკლუზიურ ინტერვიუს ვთავაზობთ:
– თქვენი პირველი ემოცია, როდესაც ხორვატიის ნაკრებს საქართველოში, ბობოყვათში შეკერილი ფორმები ეცვა, რამაც საქართველოში დიდი სიხარული გამოიწვია.
– რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, სხვადასხვა საშუალებებით ვცდილობთ ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ, ამ ფაქტმა, რომ ხორვატიის ფეხბურთის ნაკრების ფორმა ჩვენთან იყო შეკერილი, საკმაოდ დიდი წვლილი ითამაშა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში. მით უფრო, საამაყოა, რომ ხორვატიის ნაკრების სპორტული ფორმები ჩვენი კომპანიის მიერაა შეკერილი.
– როდის შეიკერა ფორმები და შეკვეთა როგორ მიიღეთ?
– ხორვატიის ფორმებზე შეკვეთა შარშან მივიღეთ, ჩვენ ექსკლუზიური ხელშეკრულება გვაქვს „ნაიკთან“, „ადიდასთან“, „პუმასთან“ და ჩვენ ვკერავთ კონკრეტული გუნდებისთვის ფორმებს. რაც შეეხება ესკიზებს და ფერებს, ამას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ვკერავთ, ამ შემთხვევაში თვითონ „ნაიკი“ გვაწვდის. დამზადების შემდეგ, ჩვენ პროდუქციას დამკვეთს ვაძლევთ, ხორვატიის გუნდის შემთხვევაში ჩვენი პროდუქცია „ნაიკს“ გადაეგზავნა და შემდეგ თვითონ ახორციელებს დისტრიბუციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
– 2012 და 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ბობოყვათში შეკერელი ფორმები ეცვათ, მაგრამ მაშინ იტალია გამოეთიშა ჩემპიონატს, სამაგიეროდ წელს, ხორვატია უკვე ფინალშია, რაიმე „წარმატების ფორმულა“ ხომ არ ჩადეთ დამზადების დროს?
– რთული სათქმელია, ახლა ხორვატიის გუნდის წარმატება ჩვენ რომ დავიბრალოთ, მაგრამ მცირეოდენი წვლილი მათ წარმატებაში ჩვენიც არის, რადგან მოედანზე ჩვენი შეკერილი ფორმებით თამაშობენ.
– პირადად თქვენ, ვის გულშემატკივრობთ?
– რა თქმა უნდა ხორვატიას, წლევანდელ ჩემპიონატზე თავიდანვე ხორვატიას ვგულშემატკივრობდი.
– წლევანდელ ჩემპიონატზე, ხორვატიის გარდა, სხვა რომელი ქვეყნის ნაკრებს ეცვა ბობოყვათში შეკერილი სპორტული მაისურები?
– შვეიცარიის ნაკრებს ეცვა, სამწუხაროდ, შვეიცარიის ნაკრები ჩემპიონატს ადრე გამოეთიშა.
– საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის არასდროს შეგიკერავთ სპორტული სამოსი? სოციალურ ქსელში ასეთი ხუმრობაც გაჩნდა, რომ იქნებ შეუკეროთ ბობოყვათში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც სპორტული სამოსი, რათა “ქართულ ფეხბურთსაც ეშველოსო”?
– არა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის არასდროს შეგვიკერავს. სამომავალოდ შესაძლებელია შევკეროთ. ჩვენი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე არ იყიდება, მთლიანად ექსპორტისთვის არის გამიზნული.
– თანამშრომლების რეაქციაც გადმოგვეცით, რას ამბობენ, როდესაც ხორვატიის ნაკრებმა ასეთ წარმატებას მიაღწია.
– ყველას უხარია, თითქმის ყველა ხორვატიას გულშემატკივრობს. ჩვენთან დაახლოებით 3000- 3500 ადამიანი მუშაობს და ყველას მცირეოდენი წვლილი მიუძღვის ამ საერთო სიხარულსა და წარმატებაში.
ცნობისათვის, შპს „აჭარა ტექსტილი” საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიაა და ის 2008 წელს გაიხსნა. მისი ქარხნები ბათუმსა და ქობულეთში ფუნქცინირებს.
„ჩვენი კომპანია ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა ექსპორტის თვალსაზრისით, შარშან, ექპორტიორ ლომპანიებს შორის, ვიყავით პირველ ათეულში და წელსაც ვგეგმავთ, რომ ვიყოთ პირველ სამეულში“, – ამბობს შპს „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე „კვირასთან“ ინტერვიუში.
იზა შაქარაშვილი