ლეღვის ფოთლის ნახარშის ახალი „სამკურნალო მეთოდი“, რის შედეგადაც ქალმა ორივე ტერფის დამწვრობა მიიღო
ლეღვის ფოთლის ნახარშის ახალი „სამკურნალო მეთოდი“, რის შედეგადაც ქალმა ორივე ტერფის დამწვრობა მიიღო.
დაახლობით, 60 წლის ქალმა, რომელსაც ფეხზე “პოდაგრა” აწუხებდა, სამკურნალო საშუალებად ლეღვის ფოთლის ნახარში გამოიყენა და ორივე ტერფის დამწვრობა მიიღო.
„ქალბატონი შავ ზღვაზე ისვენებდა და იქ ვიღაცას ურჩევია, პოდაგრას სამკურნალოდ ლეღვის ფოთლის ნახარში წაესვა.
ქალბატონმა აღნიშნულის შედეგად ტერფის დამწვრობა მიიღო და დღემდე ჩვენთან კლინიკაში სამკურნალოდ დაჰყავთ. მას ამბოლატორიული მკურნალობა უტარდება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშს არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ იწვევს ქიმიურ დამწვრობას“, – განუცხადა „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისათვის: პოდაგრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა, რასაც თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა იწვევს. დაგროვილი შარდმჟავას მარილებიდან წარმოიქმნება კრისტალები, რომელებიც ისეთ ადგილებში ილექება, სადაც სისხლის მიწოდება ნაკლებად ხდება.
ასეთი ადგილებია:
ხრტილები;
სახსრები;
მყესები.
ამასთან, ზაფხულის დადგომასთან ერთად, კლინიკაში იმატა მზით დამწვარი პაციენტების რაოდენობამ.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, თბილისში, მხოლოდ ივნისში 30 -მდე პაციენტს ამბულატორიულად უმკურნალეს, ხოლო 4 პაციენტი დღემდე კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.
მათ შორის ყველაზე პატარა 14 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი 22 წლისაა.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტს, მზეზე გარუჯვის შედეგად მიღებული აქვთ 1-2 ხარისხის და სხეულის 30-50 პროცენტიანი დამწვრობა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მზის სხივებს 13.00 საათიდან 17.00 საათამდე მოერიდონ ან გარუჯვისას მზის დამცავი საცხი წაისვან.