სვანი ქალბატონი, რომელსაც გიზო ნიშნიანიძე ნაღდ თბილისელად მიიჩნევდა, ანუ „ხელი არ ახლოთ დაკეცილ ფრთებს“!
თამილა ჯაფარიძე,- ქალბატონი, რომელიც ძველი თბილისის გამგეობაში მუშაობს და რომლისთვისაც „თბილისელობა“ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის. მისი ლექსების კრებული ახლახან გამოვიდა. გადავწყვიტეთ, კითხვები მისი ერთი ლექსის ,,შტრიხები ავტოპორტრეტისთვის“ სტროფების გამოყენებით შეგვერჩია.
– ქალბატონო თამილა, თქვენ გაქვთ ერთი ლექსი ,,შტრიხები ავტოპორტრეტისთვის”. ჩემს თქვენთან საუბარსაც ამ ლექსის სტროფებიდან გამომდინარე დავიწყებ: „შენ დაგაქვს მტკივანი გული, რომელიც დღე და ღამე ნატრობს შენგან გაქცევას, როგორც ამბოხებული სისხლი“… “შეგიძლიათ მიპასუხოთ: რაზე გტკივათ ხოლმე გული?
– გულსატკენის მეტი რა არი, ჩემო ძვირფასო… ჩემი ავტოპორტრეტი ლექსშიც ვერ დაფარავს ტკენას, წყენას… თუმცა ვცდილობ, წყენა არ დავიტოვო გულში… ტკენა კი ალბათ მაინც რჩება; ავტოპორტრეტს მარტო საკუთარი თავი არ ქმნის. ავტოპორტრეტს ის ადამიანები, გარე სამყარო და ყოველდღიურობა გვიყალიბებს, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყველაზე დიდ ტკივილს ღალატი მაყენებს. გული მტკივა იმაზე, რაც სტკივა ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს… ქუჩაში მათხოვარი რომ შემხვდება და დახმარება არ შემიძლია, განვიცდი, ბავშვები პროსტიტუციით რომ შოულობენ ფულს, ვკვდები, ხეიბარს რომ ვხედავ, ვტირი…
– „შენთან ერთად სახლობენ ცივყდიანი წიგნები, როგორც ძველი მეგობრები; მათ შეუძლიათ ფურცელ-ფურცელ დაგიმორჩილონ, რათა უფრო გაგიშიშვლონ სული… შენი მესაიდუმლეა უბრალო საწერი მაგიდა, რომელსაც არასდროს ექნება ხის გული და დალხენილი ლექსები” … ჩემი კითხვაა: რომელია ,,ცივყდიანი” წიგნებიდან ყველაზე თქვენეული, რომლის გადაკითხვაც არ მოგწყინდებათ?
-კარგი შეკითხვაა… წიგნი ჩემს ოჯახში მეფობს. ჩემი შვილებიც წიგნზე არიან ორიენტირებულნი. წიგნი ხომ ერთგული მეგობარია…. ასე უღალატოდ ვმეგობრობთ ბავშვობიდან დღემდე. „ცივყდიანი“ თბილი მეგობარი წიგნებიდან ვაჟა და გალაკტიონი მუდმივად მაგიდაზე რჩებიან. სხვები მოძრაობენ. – „მან კარგად იცის იების სევდა იანვრის თვეში და ნერვიული თითების მყიფე აკორდი… ოდესღაც შენც გიძებნია ნატვრისთვლები წყალში და მიწაზე, როგორც დაწყვეტილი მარგალიტი“ .
– მეოცნებე ადამიანი ხართ და ნატვრისთვალი ხშირად გიძებნიათ? და რა ,,გითხოვიათ”?“
– ერთი ჩემი ლექსიდან გიპასუხებთ ამ ლამაზ შეკითხვაზე: „მადლობა, ღმერთო, რომ მასწავლე ტკივილი ლექსით, არ მაძინებდი, მწარე იყო სიზმრების დრამა… არ ამიხდინე ოცნებების ფერადი გამა, არც ნატვრისთვალი არ მაპოვნინე“…
– „ნატვრისთვალს არასდროს უწერია მოძებნა, რადგან ამაშია მისი სიდიადე… შენი სახლის კედლებიდან იმზირებიან პორტრეტები, რომელთა ხსოვნა გიკაწრავს სულს და ქვადქცეულ იარებს მწარედ ემუქრება გადარჩენისთვის“… – გაიხსენეთ ის ადამიანები, რომელთა ხსოვნაც ,,სულს გიკაწრავთ”.
– სამწუხაროდ, ცხოვრება სავსეა გარდაცვლილთა ხსოვნებით; მით უფრო როცა, ისინი უდროოდ გვტოვებენ. უნივერსიტეტის პირველკურსელი ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მამა იყო ჩემი იმედების კოშკი, ჩემი საიმედო თავშესაფარი; ყველაფერი ერთიანად ჩამომეშალა. მამა კლიმენტი ჯაფარიძე 1937 წლების რეპრესიებმა გასაციმბირებლად გაიმეტა. 20 წლის ბიჭი „ხალხის მტრის“ იარლიყით გაუსამართლებლად სვანეთიდან 15 წლით გადაასახლეს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალწლიანი წნეხგამოვლილი კაცი ყველას დახვრეტილი ეგონა. მამამ სვანეთში დაბრუნების მერე, გვიან ოჯახი შექმნა და ოთხი შვილი ეყოლა. 15 – წლიანმა ტანჯვამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და უდროოდ გარდაიცვალა. წარუშლელია მამისადმი ჩემი პატივისცემა და სიყვარული. მან მასწავლა წერა და პირველი ლექსი; მან დამანახა პირველად თეთნულდზე მოცეკვავე მზე და უშბაზე შეფენილი ნისლი. მამა ლექსის ციტატებით საუბრობდა. ქართულ ანდაზებს მასწავლიდა; მიყვებოდა ციმბირის ისტორიებს და ამ ფაქტებზე აგებულ საინტერესო წიგნს მალე დავასრულებ.
-„შენი ბავშვობის ჭრელი მინდვრებიდან ფეხდაფეხ მოგდევს – ლექსის დაუცხრომელი ჟინი, როგორც უხედნელი თეთრი კვიცი… შენი ახალგაზრდობა ვარდისფერია და მზისკენ მიიწევს,“ – მოგონებები თქვენი ,,ბავშვობის ჭრელი მინდვრებიდან” … და მოგონებები ახლგაზრდობიდან, რომელიც ,,ვარდისფერია”.. .
– ჩემი ახალგაზრდობა, მართლაც, ვარდისფერი იყო. თუმცა ეს ვარდისფერობა არც ახლა მეთმობა… მაგრამ დრო ულმობელია … ვარდისფერია ყველა დღე, რომელიც ბავშვობიდან იმზირება. ვარდისფერია სკოლის ყველა ზარი და გაკვეთილი, მერხზე აკაწრული ისრები, უმისამართო ბარათები, პირველი სიყვარული და პირველი პომადა..
– „როგორც მზესუმზირის მაღალი, გადამტყდარი ღერი… შენი სიყვარული ზღაპარია, შენი მოგონილი, ლამაზი მელოდია, ბრმა სიყვარულისთვის დაწერილი“… როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– ოო… სიყვარულის „ამბავი“ დაუსრულებელია. არავინ იცის, ის როდის იწყება და როდის მთავრდება. ნამდვილი სიყვარული არც მთავრდება და მისი ამბავიც სულ გრძელდება. ის არც ფერს იცვლის და არც „გემოს“. ლექსში სიყვარულის ისეთ ამბავს ვქმნით, როგორიც გვინდა გვქონდეს. სიყვარულის ზღაპარი შენს ხელშია; მას ისე უნდა უბერო სული, რომ არ ჩაქრეს და არ იქცეს ფერფლად. მე უსიყვარულოდ ვერ ვიცოცხლებ. ისე მინდა ვთქვა,- მე თუ დღეს სიყვარულის ადამიანი ვარ, ეს ჩემი მტრების დამსახურებაც არის.
– „ხოლო როიალი, როგორც ავაზა, გაწოლილა მტკივან მიწაზე და ცივი ზამთრის მოახლოებას მტანჯველად გოდებს“… როგორ გრძნობს პოეტი დროს? მარტოობას თავშესაფრად როდის იყენებს?
– ადამიანი მაინც მარტოა … არა? დროს კი ვერაფერი შეაჩერებს. ამაზე ისევ ჩემი ლექსიდან გიპასუხებთ: “მიაქვს საათის ისრების წრიალს ის მელოდია”.. დროის ათვლა არ ჩერდება. ლექსთან ჭიდილში დროს და მის მდინარებას ებრძვის ადამიანი. მარტოობა დროში მაინც “თავშესაფარს” ითხოვს. ზოგჯერ მივაგნებ ამ კუნძულს და ზოგჯერ ვერა.
– „შენ დაგაქვს მტკივანი გული, რომელიც დღე და ღამე ნატრობს შენგან გაქცევას, როგორც ამბოხებული სისხლი”… შემთხვევები, როცა სისხლის ამბოხი გიგრძვნიათ?
– ჩემი ყველა ლექსი სისხლის ამბოხით არის დაწერილი; თუ ეს ასე არა არის ვერ ვწერ…
– „შტრიხი”, რომელიც ყველაზე მთავარია თქვენი ავტოპორტრეტისთვის, რომელია?
– ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ და მიხვდებით: ხელი არ ახლოთ დაკეცილ ფრთებს,- ჩემი წარსულის დარაჯებს!
– რომელიმე მოგონება თქვენი ,,სვანური ზარდახშიდან“ …
– ყველაზე მტკივნეული ამბით დავიწყებ: მამა კლიმენტი ჯაფარიძე,- კომუნისტებმა ,,ღალატის“ მუხლით დააპატომრეს და ციმბირში, შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს. იქიდან 10 წლის საშინელი წამების შემდეგ გამოუშვეს. დედის მონათხრობზე დაყრდნობით მე ახლა წიგნს ვწერ, სადაც იმ ამბებზე მოვიუთხრობ მკითხველს, რაც მას გადახდა. სასიამოვნო მოგონებები კი ჩემს ძმასთან – ცნობილ სპორტსმენთამნ მაიზერ ჯაფარიძესთან და ჩემს პირველ პოეტურ ნათლობასთანაა დაკავშირებული. ეს ის დროა, როცა სვანეთში პოეტურ სიტყვას და კარგ პოეტსაც ღირსეულად აფასებდნენ.
– ვიცი, რომ თქვენ ბატონ გიზო ნიშნიანიძესთან მეგობრობდით…
– დიახ და ამით ვამაყობ. მასთან ყოველი შეხვედრა დღესასწაული იყო. მახსოვს, ერთხელ ვუთხარი: თქვენ დააკანონეთ, ნაღდი თბილისელის გამოცნობის ერთი წესი: ანუ ვისაც თბილისის ხსენებაზე პულსი უჩქარდება, ის არის ნამდვილი თბილისელიო. მეც ასევე მიჩქარდება და სვანეთში დაბადებულ – გაზრდილი რომ ვარ, რა მეშველება-მეთქი? რახან პულსი გიჩქარდება,- გამოდის, რომ შენც თბილისელი ხარ… ეს დღემდე მახსოვს და მეამაყება…
– თქვენ ძველი თბილისის გამგეობაში მუშაობთ და რა არის თქვენთვის იმ ძველი თბილისის ხიბლი და ფასეულობები, რის გამოც ის დღესაც ენატრებათ?
– ამჟამად ძველი თბილისის რაიონში,- მთაწმინდის გამგეობაში ვმუშაობ. ძველი თბილისი კოლორიტული სამკაულებით, – ჭრელი უბნებით, მოქარგული აივნებით, თბილისური ეზოებით და, რაც მთავარია, ძირძველი თბილისელებით არის სრულიად უნიკალური სიმდიდრე ჩვენს საყვარელ დედაქალაქში. თითქმის ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში აწ გარდაცვლილი მერის, ბატონ ბადრი შოშიტაიშვილის დროს დავიწყე მუშაობა. მაშინ მერიაში მოსული თბილისელები ამბობდნენ – მერია ჩვენი სახლიაო; ქალაქის ხიბლს, ღირსშესანიშნაობების გარდა, ადამიანებიც ხომ ქმნიან? ახლანდელი თბილისი გარეგნული მომხიბვლელობით, მართლაც, ბრწყინვალეა, თუმცა ძველი თბილისური ხიბლი,- ქუჩაში შემხვედრი ნაცნობი ქუდს რომ მოიხდიდა და გზას დაგითმობდა, უკვე სანატრელი გახდა.
თეონა გოგნიაშვილი