შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში ი.ხ.-მ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა.
სამართალდამცველებმა ი.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში აღმოჩენილია ნიღაბიც.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).