„ელისაშვილს პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა, „ნაცმოძრაობა“ იყო, რურუა საერთოდ მის შტაბში მისულა ხელმოსაწერად“
ალეკო ელისაშვილი მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ასე პასუხობს „ ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს.
კალაძის თქმით, როდესაც ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა ელისაშვილის, პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
„როგორ წავიკითხე, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არა აქვს. ისიც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა, „ნაცმოძრაობა“ იყო. რურუა საერთოდ ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად. თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან, თუ ალეკო ზალიკოსთან. მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში“, -აცხადებს კახა კალაძე.